„აგრესიული ოპოზიცია გვყავს და არიან ადამიანები, რომელთაც სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტში ხულიგნური ნიშნები შემოაქვთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც გიგა ბოკერიასა და გიორგი ვოლსკის დღევანდელ სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
თამარ ჩუგოშვილმა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს.
„ვინ ხულიგნობს, კარგად ჩამოაყალიბა უმრავლესობის ლიდერმა. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩემი კოლეგები საკუთარ აზრს ძალიან აგრესიული ფორმით გამოხატავენ. როგორც წესი, შეურაცხმყოფელი კომენტარები ოპოზიციიდან იწყება, რაც შემდეგაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადადის. ეს ყველაფერი საქართველოს პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას, იმიჯს ძალიან ულახავს, რაც ძალიან მაწუხებს. ვისაც არ შეუძლია, საკუთარი აზრი აგრესიისა და შეურაცხყოფის გარეშე დააფიქსიროს, იმედია, პარლამენტი დროთა განმავლობაში ისე შეიცვლება, ასეთი ქმედებების სივრცე დავიწროვდება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, ხვალ პარლამენტის ეთიკის საბჭო პირველ, საორგანიზაციო სხდომას გამართავს, რომელიც მომავალში დეპუტატთა ქცევასა და გადაცდომებს შეისწავლის.
„თუ საბჭოს მიერ დეპუტატის მხრიდან დარღვევა დადგინდება, ეს ნებისმიერი დეპუტატისთვის დისკომფორტის შემქნელია. დარღვევებზე ფინანსური სანქციები გათვალისწინებული არ არის, რაც ბევრი დეპუტატის მოთხოვნა იყო, მაგრამ დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანია, მათი რეპუტაცია არ დაზიანდეს. იმედია, ისინი მსგავსი ქმედებებისგან თავს შეიკავებენ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის პლენალურ სესიაზე დღეს ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკსა და დეპუტატ გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ბოკერიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სხდომაზე აღნიშნა, რომ გიორგი ვოლსკი ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორია, კარლო კოპალიანი გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის შემდეგ, გუგული მაღრაძე კი, პარტკომი იყო. ბოკერიას ვოლსკიმ უპასუხა და აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომელზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით არ გაუუპატიურებიათ მამაკაცი, არ მოუკლავთ ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებიათ.