ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ტოროშელიძე-ორჯონიკიძისა და ბარაკონის ქუჩებზე, 3000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება.
მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ვოლსკისთან ერთად გაეცნო.
„ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი ორ მისამართზე იგება. ჩუღურეთის გამგეობა დაპირებისამებრ, ეტაპობრივად, საგზაო ინფრასტრუქტურას იმ ქუჩებზე მოაწესრიგებს, სადაც წყლისა და წყალარინების სისტემის გამართვას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაასრულებს. დარჩენილი ქუჩები კი ეტაპობრივად მოწესრიგდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბი-ემ-სი“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 300 000 ლარია.
მიმდინარე წელს, ივერთუბანში მოშანდაგების სამუშაოები რვა მისამართზე განხორციელდა. წლის ბოლომდე დამატებით, ხუთი ქუჩის მოშანდაგებაა დაგეგმილი, ხოლო ხუთ მისამართზე ასფალტის საფარი დაიგება.