logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ცირკულარული მიგრაცია საქართველოს პრიორიტეტია
- +

11 ივნისი. 2019. 19:08

 

 

„ცირკულარული მიგრაცია,  როგორც მიგრაციის დაძლევის და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების მხარდამჭერი ინსტრუმენტი საქართველოს პრიორიტეტია“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ცირკულარული მიგრაცია სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის მიგრანტებს, როგორც წარმოშობის, ასევე მიმღებ ქვეყანაში.

 

„საქართველოსთვის ეს არის მექანიზმი, რომ შეცვალოს და შეამციროს არარეგულარული მიგრაცია და ამრიგად, შრომითი მიგრანტების უფლებები დაიცვას, აგრეთვე, უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ადამიანის შესაძლებლობების განვითარებას შეუწყოს ხელი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ სფეროში უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ორმხრივი შეთანხმებების განვითარებაზე.

 

„2018 წლის დეკემბერში მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთთან. ცირკულარული მიგრაციის სქემების საპილოტე ვერსიები წარმატებით განხორციელდა პოლონეთთან და ქვეყნებმა, როგორიცაა ბულგარეთი, ესტონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, უკვე გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობაზე. დროებით ლეგალური დასაქმების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას ყველა პარტნიორთან გავაგრძელებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტის თქმით, ვერც ერთი აღნიშნული საკითხი ვერ და არ მიიღწევა საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციისა და ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური დახმარებისა და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროექტების განვითარების გარეშე.

 

„საქართველოს კარგად ესმის რომ საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პრინციპებთან შესაბამისობა ჩვენს ქვეყანას უფრო დააახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან და ხელს შეუწყობს ჩვენი ინტეგრაციის შესაძლებლობას. გარდა ამისა, საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პრაქტიკის საქართველოში სრულად დანერგვა  გულისხმობს შრომის ევროპული ხარისხის შემოტანას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ დაცვას; ამრიგად, ხელს შეუწყობს მიგრაციისკენ სწრაფვის შემცირებას და ჩვენს დაახლოვებას ევროპასთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner