ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მაგთიფიქსის“ მომსახურების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში გამოთქვამს.
მის თქმით, „მაგთიკომი“ ვალდებულია, გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ დააზარალოს ქვეყნის მოსახლეობა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, „მაგთიფიქსის“ სერვისით ძირითადად მაღალმთიან სოფლებში და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შესაბამისად, სერვისის შესაძლო გაუქმება ყოვლად დაუშვებელია. კომპანია, მით უმეტეს ისეთი დიდი ოპერატორი, როგორიც „მაგთიკომია“, ვალდებულია, გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც პირდაპირ აზარალებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების ინტერესებს. სწორედ კომპანია უნდა იყოს მოწადინებული, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით არცერთი მომხმარებელი არ დაზარალდეს და არ შეეზღუდოს წვდომა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე. ამიტომ მსგავსი მასშტაბის ნაბიჯები კარგად უნდა იყოს შესაბამის უწყებებთან ერთად გაანალიზებული და უნდა გამოინახოს გამოსავალი, ან შეიქმნას ალტერნატივა, რომელიც თავიდან ააცილებს მოსახლეობას შესაძლო პრობლემებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქ-პოსტში.
დღეს კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისთვის“ 17 ივნისიდან CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „მოგეხსენებათ, რომ ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია აბონენტებს „მაგთი ფიქსის“ სერვისით ვეღარ მოემსახურება. აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადასხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის, მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო გამოსავალზე უარი განაცხადა“.