საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ლადო კახაძეს „აიპრესმა“ რამდენი კითხვით მიმართა. როგორც ლადო კახაძე განმარტავს, საქართველოში შუალედური არჩევნები დემოკრატიულ, ევროპულ გარემოში ჩატარდა.
- ბატონო ლადო, თქვენ უკვე მალე დაიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას, დრო არცთუ ისე ბევრია ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ თქვენი დაპირებების შესრულებას?
- დრო საკმარისია იმ ინიციატივების დასაყენებლად, რასაც მე ვპირდებოდი და ვპირდები ჩემს მთაწმინდელებს. პირველ რიგში, მე უნდა დავიწყო საბინაო პრობლემების მოგვარება. ბევრი ამორტიზებული სახლი გვაქვს მთაწმინდაზე, ვთანამშრომლობ დედაქალაქის ხელისუფლებასთან და ჩემი საკანონმდებლო ინიციატივები იქნება მიმართული იმისკენ, რომ მალე მოვაგვაროთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი.
- ასევე, საუბრობდით სადაზღვევო ლიმიტების ზრდაზე. ამ მხრივ, რა გეგმები გაქვთ?
- დიახ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. მე ექიმი ვარ და ყველაზე კარგად ვიცი, რამდენი სიკეთე გაუკეთა ჩვენს მოსახლეობას საყოველთაო დაზღვევამ. პირდაპირ ვამბობ – მმართველმა გუნდმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, უსახსრობის გამო ჩვენ ქვეყანაში არავინ აღარ არის განწირული და ეს უდიდესი მიღწევაა. ამ ნაწილში მე მაქვს გეგმები, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ სადაზღვევო ლიმიტები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მონაწილეობა გავხადოთ 100%-იანი. ამ თემაზე აქტიურად ვთანამშრომლობ შესაბამის უწყებებთან და იმედი მაქვს, რომ მალე კონკრეტული შედეგები დაიდება.
- როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს? გამარჯვებისთვის მეორე ტური დაგჭირდათ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დამაფიქრებელია მმართველი გუნდისთვის?
- წინასაარჩევნო გარემო ოდნავ დაძაბული იყო, მაგრამ დემოკრატიული, საქმიანი და სამაგალითო. მე ამ დროის განმავლობაში ვიყავი ყველა ოჯახში, გავეცანი ყველა ადამიანის საჭიროებას და მოვაგროვე ბევრი ინფორმაცია, რომელიც იქნება განმსაზღვრელი ჩემი საპარლამენტო საქმიანობის. მეორე ტურს რაც შეეხება, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება დემოკრატიულ, ევროპულ გარემოში. არ ყოფილა არც ერთი ფაქტი, რომ ამომრჩეველს ხელი შეშლოდა, დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი. ეს იყო სამაგალითო არჩევნები, რომელიც დასრულდა ლოგიკურად. მმართველი გუნდი კარგად აცნობიერებს და აანალიზებს მოსახლეობის პრობლემებს და ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს, რაც ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
- ბატონო ლადო, თქვენი განცხადება გუბაზ სანიკიძის მიმართ საჯარო განხილვის საგანი გახდა. სანიკიძე, რომელიც ადრე „ოცნების“ წევრი იყო, ახლა ღიად ამბობს, რომ ამ ქვეყნის პრობლემა და მტერი არის ბიძინა ივანიშვილი…
- სამწუხაროდ, მე არ მქონდა ნანახი მისი გამოსვლები და ზოგადად, პოლიტიკურ ველზე ახლად შემოსული ადამიანი ვარ, პოლიტიკოსების გამოსვლებს, მათ ხმაურიან განცხადებებს თვალყურს არ ვადევნებდი. თურმე გუბაზ სანიკიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი… ადამიანი, რომელსაც სანიკიძემ მტერი უწოდა, არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც რეჟიმისგან გვიხსნა, სიკვდილისგან, წამებისგან გვიხსნა და თუ სანიკიძისთვის ბიძინა ივანიშვილი მტერია, მაშინ გუბაზ სანიკიძისთვის მეც მტერი ვარ.
ზოგადად, ამ სიტყვებით ადამიანების შეფასება არ მგონია სწორი, მაგრამ რადგან სანიკიძემ თქვა ასე, მეც მინდა, რომ ვუპასუხო, როგორც იმსახურებს.
ზოგადად, როდესაც აკეთებ ასეთ განცხადებებს, ფასი ეკარგება ყველაფერს. არის რაღაცები, რაც, უბრალოდ, ადამიანობისა და კაცობის ზღვარს ცდება. სანიკიძეს ხალხი პატივს სცემდა, პირველ რიგში, მამამისის გამო და, ალბათ, მამამისსაც ძალიან შერცხვებოდა დღეს მისი სიტყვების, ქცევის გამო. პოლიტიკას სვრიან სწორედ ასეთი ადამიანები, ვინც ყველაფრის მკადრებელია. სხვათა შორის, ჩემმა ახლობლებმა მის სხვა, ოდნავ ძველ განცხადებებზეც მიმანიშნეს და დავრწმუნდი, რა ყოფილა მისი მთავარი მოტივატორი პოლიტიკაში. ახლა გამწარებულია და ტალახს ისვრის, რომელიც მხოლოდ მას დასვრის, უბრალოდ, ხანდახან აუცილებელია, ჩვენც სწორი შეფასებები მივცეთ უმსგავსო განცხადებებს.