NATO-ს საპარლამენტო სესიაზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, სადაც საუბარია, რომ ისინი ალიანსის გაფართოებას ემხრობიან და მხარს უჭერენ ალიანსის წევრობის მსურველ ქვეყნებს.
ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ სამხედრო კავშირის გაფართოების პროცესს, რადგან ქვეყნები, ვისაც ალიანსის წევრობა სურს, ელოდებიან სრულუფლებიანი წევრის სტატუსს რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში.
საკუთარ დეკლარაციაში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა NATO-ს, ღია კარის პოლიტიკა გააგრძელოს საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, მაკედონიისთვის და წლის ბოლომდე დაასრულოს მონტენეგროს წევრობის საკითხი.
დეკლარაციაში, რომელიც უნგრეთმა შეადგინა, აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრობის კანდიდატ ქვეყნებს გაცილებით აქტიურად ჩაერთონ და გააორმაგონ ძალისხმევა არსებული წინააღმდეგობების დასაძლევად.
გარდა ამისა, დეკლარაციაში საუბარია, რომ პირველად ბოლო 10 წლის მანძილზე, ალიანსის წევრი ევროპული ქვეყნები, რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად, თავდაცვით ბიუჯეტს გაზრდიან.