კარგ სიახლეზე უნდა ვისაუბროთ, ამიტომ საკითხის ტექნიკური ნაწილი თავიდანვე მოკლედ მიმოვიხილოთ.
დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანთან არსებული ტერიტორია (7 648კვ.მ), რომელზეც ამჟამად „კია მოტორსის“ ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ საკუთრებაა. იმავე კომპანიას ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარე მეორე ნაკვეთიც (9 623 კვ.მ). „კია მოტორსს“ ტერიტორია დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული.
ამბავი ასეთია: მოძველებული და ერთფუნქციური შენობა, ახალი, მრავალფუნქციური ორანჟერეით უნდა ჩანაცვლდეს. შესაბამისად, დახურული სივრცე გაიხსნას და საერთო სარგებლობის გახდეს. სამუშაოების ფარგლებში, უნდა დაირგოს 150-მდე ხე-მცენარე, რომელიც ტყე-პარკის ტერიტორიას შეემატება. „ანაგმა“ პროექტის შემუშავება კომპანია „სტუდია 9“-ს დაუკვეთა.
სანამ საკითხის დეტალებზე გადავალთ, გეტყვით, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისის არქიტექტურის სამსახურთან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეთანხმდა. სამუშაო პროცესში პროექტი უფრო დაიხვეწა და საბოლოოდ სახით, სექტემბერში დამტკიცდა.
პროექტის შესახებ მის ავტორს, „სტუდია 9“-ის საპროექტოს მთავარ არქიტექტორსა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს მამუკა ჩხაიძეს ვესაუბრეთ.
- რას გულისხმობს ორანჟერეა და როგორია პროექტი?
- წარმოიდგინეთ ზამთრის ბაღი... უფრო ზუსტად კი, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, ღია სივრცეში არსებული გადახურული პარკი, რომელიც მთლიანად ლანდშაფტურ ზონას წარმოადგენს. თანაც, დიდი პარკისგან განსხვავებით, აქ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში შეგიძლიათ ისეირნოთ მეგობრებთან, ოჯახთან ერთად, დაისვენოთ და გაერთოთ. მრავალფუნქციური ორანჟერეა სხვადასხვა კულტურულ-გასართობ სივრცეებს აერთიანებს. აქ მოეწყობა გამოფენები, კონცერტები, ქალაქის მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მეტიც, სცენის კაპიტალურობიდან გამომდინარე, ორანჟერეაში თეატრალური სპექტაკლების გამართვაც კი იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მინდა, ხაზი ერთ სასიამოვნო გარემოებასაც გავუსვა. ტურისტები ჩვენს დედაქალაქში, პირველყოვლისა, ძველი თბილისით ინტერესდებიან ხოლმე. ორანჟერეა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან მის არქიტექტურაში წარმოდგენილი იქნება ძველი ქალაქის ფრაგმენტები, რომლებიც თბილისურ ხასიათს წარმოაჩენენ.
პროექტის თანახმად, პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად. ის ქალაქის თითოეული მაცხოვრებლისა და სტუმრისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. საბოლოოდ, მივიღებთ ისეთ რეკრეაციულ სივრცეს, რომელიც თბილისს არასდროს ჰქონია. სწორედ ამის გამო ვთვლით თავს ნოვატორებად პროექტის შემქმნელები, რომლებმაც ქალაქის, მოსახლეობის და კერძო მესაკუთრის ინტერესების გაერთიანება შევძელით.
- ნაკვეთი, რომელზეც ორანჟერეა უნდა მოეწყოს, ფუნქციური ზონის სტატუსიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის მშენებლობას ექვემდებარება?
- რა თქმა უნდა. ტერიტორიას 2011 წელს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც მსგავსი ტიპის მშენებლობას შესაძლებელს ხდის. „ანაგმა“ ნაკვეთი 2012 წელს იყიდა.
- ბატონო მამუკა, პროექტის განხორციელება აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას სრულად გამორიცხავს?
- ამას, ფუნქციიდან გამომდინარე, თავად პროექტი გამორიცხავს. დღესდღეობით, დაბეტონებული ნაკვეთის პირობებში, ხეებზე საუბარიც ზედმეტია. პროექტის განსახორციელებლად მხოლოდ ხეების არ მოჭრა კი არ იგეგმება, ორანჟერეის მიზანი უფრო მეტი მცენარეა. ორანჟერეის შიდა სივრცესთან ერთად, ახალი მცენარეები გარე ტერიტორიაზეც უნდა დავრგოთ, ძველები კი, შევინარჩუნოთ. დენდროლოგები დეტალურად სწავლობენ არეალს, რათა ზუსტად გაარკვიონ, რომელ მცენარეს რა პერსპექტივა ექნება და როგორ შეასრულებს მინიჭებულ ფუნქციას. საუბარია ეგზოტიკურ მცენარეებზე, რომლებსაც ტყე-პარკში ვერ შეხვდებით. არ მგონია, ვინმეს ეს იშვიათი მრავალფეროვნება არ მოეწონოს.
- როგორ ფიქრობთ, ეს მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ტიპის მშენებლობების წამოწყების მიზეზი ხომ არ გახდება?
- ჩვენ ვთავაზობთ მერიას, უარი თქვან ყოველგვარ მშენებლობაზე დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რადგან არც ერთი კვადრატული მეტრი არ იყოს გამოყენებული ისეთი კერძო ინტერესისთვის, რომელიც თუნდაც მცირე ტერიტორიით სარგებლობას შეუზღუდავს ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს. ორანჟერეა არ არის ჩვეულებრივი შენობა. ის ლანდშაფტური, გამწვანებული სივრცეა, რომლის მიზანიც დიღმის ტყე-პარკისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაა. ამ ტერიტორიაზე მშენებლობის განვითარება კატეგორიულად მიუღებელია.
7 648 კვ.მ-დან „კია მოტორსის“ ავტოსალონს 4 900 კვ.მ უკავია. მშენებლობის დაწყების და გაგრძელების პრეცედენტი რომ არ გაჩენილიყო, კომპანიამ გადაწყვიტა, ორანჟერეა, მეტწილად, არსებული შენობის გაბარიტებში ჩაესვა და დამატებით გაეგრძელებინა ამავე ნაკვეთის მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს „კია მოტორსი“ სხვადასხვა მასალის განსათავსებლად იყენებს. მოკლედ, ორანჟერეა მხოლოდ ამ ნაკვეთს იკავებს და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის გარდა, სხვა ტიპის მშენებლობა და მშენებლობის სამომავლო განვითარება იდეის დონეზეც არ განიხილება. ეს მკაცრადაა განსაზღვრული თავად „ანაგისთვის“ და მერიასთანაც ასეა შეთანხმებული.
- ხსენებული ნაკვეთის გვერდით „ანაგის“ საკუთრებაში არსებული მეორე ნაკვეთიც მდებარეობს. რა ბედი ეწევა ამ ნაკვეთს?
- „ანაგის“ საკუთრებაში არსებული 9 623 კვ.მ ტერიტორია, კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელუხლებლად რჩება პარკის საერთო სარგებლობაში.
- ბატონო მამუკა, რომ შევაჯამოთ, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობა მოსახლეობის ინტერესს ხომ არ დააზიანებს და შეძლებს თუ არა ახალი პარკი, ორგანულად შეერწყას არსებულ ლანდშაფტს?
- თუ დღეს რაიმე აზიანებს მოსახლეობის ინტერესს, ეს, პირველყოვლისა, ავტოსალონია. ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას მდებარე დაწესებულება, რომელიც, ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს. ჩვენ სერიოზული ამბიცია გვაქვს - ორანჟერეა დიღმის ტყე-პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციაში, სწორედაც რომ, ორგანულად ჩაეწეროს. შესაბამისად, არსებული ვითარება არა გარეგნულად, არამედ ფუნქციურად იცვლება. ეს ნაბიჯი იქნება სტიმული იმისა, რომ მესაკუთრემ პირადი ინტერესი ქალაქის ინტერესზე წინ არ დააყენოს. ნაცვლად იმისა, რომ არსებული შენობა დაეტოვებინათ, ჭერი გადაეღებათ ან უბრალოდ შეერემონტებინათ, შინაარსობრივად არაფერი შეეცვალათ და ობიექტი მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის გამოეყენებინათ (რაც, კანონით, შესაძლებელი იყო), გადაწყვეტილება სხვაგვარი მიიღეს. ტექნოლოგიურად, დამკვეთს მდგომარეობა გაურთულდა. შენობა, ორანჟერეის მოსაწყობად, მთლიანად უნდა დაინგრეს და თავიდან, სხვა პრინციპებითა და მიდგომებით აშენდეს: მოეწყოს ტექნიკური სართული, სადაც მთელი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება, შენობა მინით გადაიხუროს, რათა მცენარეებამდე მზის სხივებმა მიაღწიოს, შენარჩუნდეს ჰავა, გაკეთდეს შადრევანი, შიდა გადაადგილებისთვის მოეწყოს ქვაფენილიანი ქუჩა და მივიღოთ საბოლოო შედეგი - განვითარდეს ეკოლოგიური და საპარკე ინფრასტრქუტურა, რომლებიც ერთმანეთს შეერწყმება.
ჩვენი საპროექტო მზადაა, სამომავლოდ მერიას წინადადებით მიმართოს და პარკის მთელი კონცეფცია შეიმუშაოს. ვთვლით, რომ ახლა სწორედ პარკის კონცეფციის ერთ ნაწილს ვაშენებთ.
- თქვენი ინფორმაციით, ჰქონდა თუ კომპანიას კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და როგორ ფიქრობთ, რამდენად პოზიტიურად შეხვდებიან ისინი ასეთი კომპლექსის არსებობას?
- კომპანია „ანაგი“ და ასევე, პროექტის ავტორები უახლოეს დღეებში ვაპირებთ მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართოთ და პროექტის შესახებ ინფორმაცია პირადად გავაცნოთ. ჩვენ მოვამზადეთ ვიდეორგოლიც, სადაც მთლიანად არის ახსნილი და ნაჩვენები პროექტის დეტალები. დარწმუნებულები ვართ, რომ იმ სიმახინჯეს, რომელიც ქალაქის ამ უბანში არსებობს, ყველა ჯანსაღი აზროვნების ადამიანი ნამდვილად არჩევს ასეთი რესპექტაბელური კომპლექსის არსებობას, რომელიც შესაძლოა, ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდეს. ამ პროექტით თბილისელები, რეკრეაციული ზონის სახით, კომპანიისგან ერთ ძალიან დიდ საჩუქარს მიიღებენ.