logo_geo
eng_logo
დათო ხუჯაძე: „არა ინტელექტის ოკუპაციას“ - ამ სიტყვების მეშვეობით ცდილობდნენ თავიანთი ქურდობის „გაპრავებას“
- +

12 ივნისი. 2019. 15:03

 

მომღერალი დათო ხუჯაძე ბაზარზე შემოსული ახალი საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია, პირველი აგრესიის ტალღაც მის მიმართ  აგორდა, ბევრი ითქვა, ბევრი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მომღერალი ამისათვის მზად იყო... „ილაპარაკონ, რაც უნდათ. მთავარია, გაკეთდეს საერთო საქმე, თან კარგად...“ - ესაა მისი პოზიცია... და წარმატებით აგრძელებს დაწყებულ საქმეს პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, რომელსაც „GERA“ ჰქვია .

 

დათო ხუჯაძე: როდესაც ამხელა საქმეს შევეჭიდეთ, ბუნებრივია, მზად ვიყავი, რომ წამოვიდოდა აგრესია. თუმცა, ეს აგრესია არ მოდიოდა მუსიკოსებისგან და ხელოვანი ადამიანებისგან, მოდიოდა მათი მხრიდან, ვინც წლების განმავლობაში ძღებოდა ამ საქმით, ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ შევუსაბამე მათ საქციელს.

 

რაც საქართველოში დავბრუნდი, თითქმის სამი წელი ვიყავი ამ ორგანიზაციის - „GCA“-ს წევრი, და ყოველ მათ შეკრებაზე მარტო მე ვყვიროდი. არასდროს არცერთ კითხვაზე არ იყო პასუხი, ვერაფერზე ვერ მცემდნენ პასუხს, უბრალოდ, ტონის აწევასთან ერთად იცვლებოდა მომდევნო ჩასარიცხი თანხა.

 

- არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში მოგიწიათ ბაზარზე შემოსვლა...

 

- ამოეფარნენ ერთ ფრაზას - „არა ინტელექტის ოკუპაცია“, ამ სიტყვების მეშვეობით ცდილობდნენ თავიანთი ქურდობის „გაპრავებას“. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც საერთოდ არ იყო ინფორმირებული, რატომ იღებდა ამ ვიდეორგოლს, აღმოჩდნენ მოტყუებულები და ის ადამიანები დღეს არიან „GERA“-ში ჩვენს გვერდით.

 

­- რას სთავაზობს „GERA“ ავტორებს?

 

- პირველ რიგში, ყველაზე მთავარი არის ის, რომ არავის კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული მათი ანაზღაურება. კომპანია ახალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რომელშიც ჩაწერილია  სხვადასხვა ავტორ-შემსრულებლის მუსიკალური კატალოგები. აპარატურა დამონტაჟებული იქნება სხვადასხვა ობიექტებზე და ოცდაოთხი საათის განმავლობაში აღირიცხება, სად ვისი რა სიმღერა გაჟღერდა. შესაბამისად, ეს ინფორმაცია თითოეულ მათგანს  ტელეფონზე SMS-შეტყობინების სახით გაეგზავნება და ასევე აპლიკაციით შეეძლება საკუთარი შემოსავლის კონტროლი. გამჭვირვალობაა ჩვენი პრიორიტეტი.

 

- უკვე თუ დგას რომელიმე ობიექტზე ასეთი აპარატი?

 

- რა თქმა უნდა, დამონტაჟებულია 30-40 ობიექტზე, ნელ-ნელა ვამონტაჟებთ კიდევ. მოგეხსენებათ, დროსთანაა ყველაფერი დაკავშირებული.

კობალაძე კი იძახის, რომ მონოპოლია მას ეკუთვნის, მაგრამ საბედნიეროდ, მუშაობს ანტიმონოპოლიური სამსახური და კანონის ძალით ყველაფერი დალაგდება. ან ეს რა უბედურებაა, რა მიდგომაა, რომ დადის და იძახის, მე მომეცით ფული, ვიღაცებს არ ჩაურიცხოთო? იგივეა, ვიღაცა პურს რომ ყიდის, მეც რომ გავყიდო, უნდა ამიკრძალონ? რა დამოკიდებულებაა საქმის მიმართ, ვერ ვხვდები. ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება, ამას ვერავინ წაართმევს. ჩემს საავტორო უფლებებს რომელ კომპანიასაც მინდა, იმას დავაცვევინებ, რომელიც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს. უბრალოდ, კობალაძემ გადაწყვიტა, რომ მთელი საქართველოს ესტრადამ უნდა უხადოს მაგას ფული. რაღაც ფანტაზიები აქვს ძალიან გაშლილი სათავისოდ და არ ხდება ეგრე, კანონი გაუჯანსაღებს ლოგიკას და ფანტაზიის უნარსაც შეუზღუდავს ცოტას.

 

- ხელშეკრულების პირობებით, როგორც ვიცი, რამდენიმე თვე არ გაქვთ კომპანიის დატოვების უფლება, თქვენ როგორ მოაგვარეთ ეს პრობლემა?

 

- მე არ დამიტოვებია ეს კომპანია. სანამ ხელშეკრულებას გავწყვეტდი, დამასწრო და მანამდე გამომაგდო რამდენიმე ადამიანთან ერთად. კარგი, გამომაგდო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, მისი ლოგიკით, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე? ალტერნატიული კომპანია რომ არ არსებობდეს, ჰაერში უნდა ვიყო?

 

ჩემი კოლეგები რომ წლების განმავლობაში იყვნენ „GCA“-ში გაწევრიანებული და ვერ იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას, მაგის გამოც ნამდვილად მოვთხოვთ პასუხს. დაიწერება საჩივარი და იმ შვიდი წლის განმავლობაში სად მიდიოდა ჩვენი შემოსავალი, კაპიკ კაპიკ მოუწევს ახსნა. არავინ იფიქროს, რომ ვინმეს რამე შერჩება. კანონის ფარგლებში დალაგდება ყველაფერი. უბრალოდ, ცოტა დრო სჭირდება. სისულელედ მიმაჩნია მისი საუბარი, რომ ბაზარზე მარტო თვითონ უნდა არსებობდეს.

 

- საქართველოს ბაზარი რამდენად მოითხოვს ორი მსგავსი კომპანიის არსებობას?

 

- ორიც უნდა იყოს და ოთხიც, რათა არსებობდეს ჯანსაღი კონკურენცია და არა მონოპოლია.

 

­ - რუსული თემით აპელირება რამდენად სწორად მიგაჩნიათ?

 

- მე, დათო ხუჯაძე, ვთვლი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად გაჟღერდება ჩემი სიმღერა. თუ გაჟღერდება, მე ამის შესაბამისი ჰონორარი უნდა მივიღო აუცილებლად. არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთში გაჟღერდება თუ ამერიკაში. მითუმეტეს, თუ რუსეთი იქნება, იქიდან აუცილებლად უნდა მივიღო. კომპანია „РАО“, რომლითაც კობალაძე აპელირებს, მისი პარტნიორი იყო წლების განმავლობაში. თავიდან კი უარყოფდა ამ ყველაფერს, მაგრამ მერე უბრალოდ ფაქტს ვეღარ გაექცა. იცით, რატომ გახდა „РАО“ ცუდი? რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებს არ უხდიდა მომღერლებს და „РАО“-მ როდესაც მოსთხოვა, დაედო ანგარიში, ვერაფერიც ვერ დადო. ქართულ ბაზარზეც ჯერ კიდევ აქტიური ადგილი უჭირავს რუსულ ესტრადას, მაგრამ კობალაძე არც იქით ურიცხავდა არაფერს. დაიღალნენ ისინიც და შეუწყვიტეს ხელშეკრულება. ამის შემდეგ გახდა  „РАО“ ცუდი, რუსული, ჩვენ კი - ქვეყნის მტრები და მოღალატეები. თუმცა, ეს უკვე მისი შეგნების პრობლემაა.

 

- რას ეტყვით თქვენს კოლეგებს, რატომ „GERA“?

 

- პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს ვეტყვი, რომ დააფასონ საკუთარი ნაშრომი, არასდროს  იყვნენ სხვის ნებაზე დამოკიდებული. მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ ის თანხა, რაც მათია. რაც შეეხება „GERA“-ს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერ მუშაობის პროცესში ვარ, ამ საქმის აწყობას და დალაგებასა სჭირდება დიდი დრო... ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყოველ დღე ვითარდება, რაც მთავარია, არის გამჭვირვალე და ტექნოლოგიურად ბოლომდე აღჭურვილი. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

 

 

თამუნა პეტრიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner