უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ТРК УКРАИНА“-ს კორესპონდენტი ალექსი კაშპიროვსკი ავრცელებს, რომელიც თავადაც ქალაქ მარინკაში იმყოფება.
უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალაქ მარინკაში უკრაინის არმიის 24-ე მექანიზებული ბრიგადის მებრძოლები იმყოფებიან, რომლებმაც ახალი პოზიციები დაიკავეს და ტერიტორიას სრულად აკონტროლებენ.
„ფაქტობრივად, არმიის პოზიციები ალექსანდროვკიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. ნაცრისფერი ზონა ტრუდოვსკის რაიონში გადავიდა“, – აცხადებს ალექსი კაშპიროვსკი.
აღნიშნული ინფორმაცია „გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ პრესსამსახურშიც დაადასტურეს. ქალაქი მარინკა დონეცკიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.