ამას ვწერ გულისწყვეტით და სიამაყით:
არა იმიტომ, რომ ჩემი მეუღლის გამზრდელი იყო... არა იმიტომ, რომ მთელი ოჯახი შეგვიკედლა - მოსიყვარულე და მოამაგე ბებია იყო - (ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია), - არამედ იმის გამო, რომ ეროვნული სულის ქალბატონი იყო, ეკლესიური, რწმენის ქალი, ტრადიციული, პატრიარქის მიმართ უკეთილშობილესი განწყობით, დახვეწილი, გემოვნებიანი, მიზანსწრაფული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე დიდ მოგონებებსა და წიგნებში ცხოვრობდა, ერთი დღეც ვერ წარმოედგინა პერიოდული პრესის, მეგობრების, როგორც თვითონ იტყოდა, დაქალების გარეშე... პოეზიის, უპირველესად გალაკტიონის ლექსის გარეშე. ჩვენი ქორწინების წინ, მისი ქალიშვილ მარინასა და სიძის, დიდი ზურაბ ანჯაფარიძისთვის უთქვამს, გალაკტიონი ზეპირად უნდა იცოდესო...
ასე იცხოვრა თითქმის ასი წელი, რუსუდან, როგორც შინაურობაში ვეძახდით, ელისო მაჭავარიანმა.
ყველაფერი ეს არა სხვისი მონათხრობით, ერთ ოჯახად ჩვენი 33-წლიანი ცხოვრებით ვიცი.
ბოლო დღემდე მარწმუნებდა, რომ გალაკტიონმა „მთაწმინდის მთვარე“ ჩვენ სახლში დაწერა... ამის თქმის საფუძველიც ჰქონდა. ჩვენი სახლის აივნიდან მთელი სიდიადითა და სიამაყით ჩანს მთაწმინდა... ამაყობდა და ჩვენც გვაამაყებდა იმით, რომ მთაწმინდის ბინადართა უმრავლესობა სიყვარულით სტუმრობდა ამ სახლს..
გასაკვირიც არაფერია,1924 წლის რეპრესირებული მშობლების შვილის პატრონობა მამიდა ბარბარემ და მისმა მეუღლემ ,საქართველოში პირველმა მიჩურინელმა, გიორგი თაქთაქიშვილმა იტვირთეს. ინტელიგენტთა ოჯახი დიდი ქართული ინტელიგენციის შეხვედრების ადგილი იყო და დარჩა ბოლომდე.
დიდ წინაპართა შვილი იყო. სისხლით ნათესაობა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, თეთრ გენერალ ლეო კერესელიძესთან - მრავლისმთქმელია... მისი ოთხი წინაპარი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე განისვენებს.
მეუღლე დიმიტრი არეშიძესთან ერთად ცხოვრება მოუწია უკრაინის ქალაქ ლვოვში, გარკვეული წლები მუშაობდა ცხინვალში, თამარაშენში. უკრაინელთა და ოსთა სტუმრობა ხშირი იყო მის სახლში. კოსტა ხეთაგუროვის სტუმრობას და თბილისელი მწერლების შეხვედრებს განსაკუთრებულად იხსენებდა. ძალიან გაიხარა, როცა შვილთაშვილის შვილის ნათლია ძირძველი ოსი და დიდი ქართველი გახდა.
როცა ზურაბ ანჯაფარიძე უმცროსი დადგა ოპერის თეატრის სცენაზე, 9 ივნისს, ხოზეს არია იმღერა „კარმენში“... 12 ივნისს, პირველი შვილიშვილი - ნესტანი და პირველი შვილთაშვილის შვილი - ირაკლი ჩამოვიდნენ უცხოეთიდან, თითქოს საკუთარი მისია ამქვეყნად ამოწურულად ჩათვალა, წავიდა ამქვეყნიდან, თან გაიყოლა მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წასული და არდაბრუნებული ძმის, ფარნაოზის დარდი.
მადლობა, ბებია ელისო, ყველაფრისთვის... იმისთვის, რომ ამ ისტორიულ სახლში ვცხოვრობთ... იმისთვის, სიყვარულით ზრდიდი ჩვენს შვილებს - ნესტანს, ნინოსა და გიორგის... მადლობა, რომ ღირსებით ცხოვრების კარგი მაგალითი დატოვე შთამომავლობისთვის... მადლობა იმისთვის, რომ მოგონებებით მომავლის სახლად აქციე ჩვენი საცხოვრისი.
მე მევალებოდა, მეთქვა ის, რაც ვთქვი.
ვთქვი გულისწყვეტით და სიამაყით!
ნათელში იყავი!
თეიმურაზ შაშიაშვილი