logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებს
- +

31 მაისი. 2016. 15:52



საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დღეს ბორდოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.



საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.



მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ტექნიკურ საკითხებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლური ვექტორისთვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პოლიტიკურ მნიშვნელობას, რაშიც ფრანსუა ოლანდმა გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ექნება შესაბამის სამინისტროებთან, რათა, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე საფრანგეთის თანხმობა მოკლე დროში იყოს მიღებული.



საუბარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასაც შეეხო.



შეხვედრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner