საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტთან საუბარი ჰქონდა და შეთანხმდნენ ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტთან. მასში ჩართული იყო პარლამენტის თავმჯდომარეც და დეპუტატებიც, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობდნენ. ეს საუბარი წარმატებით დასრულდა. ჩვენ შევთანხმდით ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც. ვფიქრობთ, ძალიან კარგი პრეცედენტი შედგა ასეთი კონსტრუქციული დიალოგის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს, აღარ იყოს საუბარი დაძლევაზე და ჩვენ ალბათ პირდაპირ მივიღებთ ამ შენიშვნებს. ვფიქრობ, ეს პრეცედენტი იქნება ძალიან კარგი მაგალითი მომავალში ასეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. შესაბამისი განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.