ავტორი თამუნა პეტრიაშვილი
GCA კიდევ ერთმა ქართველმა ხელოვანმა დატოვა. მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“-ში გაწევრიანდა. მისი განცხადებით, „GERA“ აქცენტს გამჭვირვალობაზე აკეთებს, რაც მომღერლისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. სწორედ თანხების არასათანადო მონიტორინგი გახდა ეკა კახიანის განაწყენების მიზეზი.
ეკა კახიანი: რამდენიმე წელი ვიყავი გაწევრიანებული ავტორთა უფლებების დაცვის ასოციაცია „GCA“-ში, რომელსაც ბატონი გიგა კობალაძე ხელმძღვანელობდა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვგრძნობდი, რომ საქართველოში მსგავსი ინსტიტუტი მუშაობდა. კვარტალში ერთხელ მირიცხავდნენ მოჭრილ თანხას, არ მინდა თანხის დასახელება. დავიწყოთ იქიდან, რომ მუსიკა ცოცხალი ორგანიზმია და გამორიცხულია, თუ გაქვს პრეტენზია პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობაზე, ერთსა და იმავე თანხას ვერ მიიღებ, გულითაც რომ მოგინდეს. ვერავინ დამაჯერებს, რომ ადამიანი მთელი წლის განმავლობაში ერთი და იმავე რაოდენობით უსმენდეს კონკრეტული შემსრულებლის თუ კომპოზიტორის სიმღერას. ამ ფაქტით უკვე ჩნდება ეჭვი და კითხვის ნიშნები, რაზეც პასუხი არ არის არასდროს არავისგან.
- დასვით კითხვა და პასუხი ვერ მიიღეთ? იყო ასეთი შემთხვევა?
- დიახ, იყო კითხვები, რაზეც ვერ მივიღე პასუხი. მერე მივხვდი, რომ დიდ გაუგებრობაში ვიყავი მოხვედრილი და სიმართლე გითხრათ, თავი დავანებე, აღარც მოლოდინი მქონდა რამის და აღარც მათთან ურთიერთობის სურვილი. ჩავიქნიე ხელი.
- ალტერნატიული კომპანიის შემოსვლას მეტად აგრესიულად შეხვდა კობალაძის ორგანიზაცია. მისაღებია ეს თქვენთვის?
- თავიდან იყო საუბარი, რომ ალტერნატიული კომპანია იყო რუსული კომპანია და სიმართლე გითხრათ, მეც მოვერიდე რაღაც პერიოდი ურთიერთობას. თუმცა, მივედი, ვნახე, ვიკითხე და როდესაც დავრწმუნდი ყველაფერში, აგერ უკვე ერთი თვეა, ვარ უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“-ს წევრი. აპელირება იმით, რომ რუსული კომპანიაა, ძალიან ცუდია. ზოგადად, უნდა შეგვეძლოს ალტერნატიულის მიღებაც, მონოპოლიას არ დაუშვებს არავინ. ძალიან ბინძური პიარკამპანია აგორდა, ხდება მანიპულირება და უბრალოდ, სირცხვილია. კომპანია „РАО“ არის რუსული კომპანია, რომელიც ჩვენს ქართულ ორგანიზაციას ეხმარება რუსეთიდან ჰონორარის მოგროვებაში, ეს არის ურთიერთობის უდავოდ ცივილიზებული და ნორმალური ფორმა. ის ჰონორარი, რასაც აქამდე კობალაძის ორგანიზაცია გვიკარგავდა, დაგროვილი იყო და „GERA“-მ შეძლო მისი დაბრუნება, რისთვისაც ნამდვილად მადლობელი ვარ.
ახალი კომპანია აღჭურვილია საჭირო ტექნიკით, დაკომპლექტებულია პროფესიონალებით. მათაც დრო სჭირდებათ, რომ დაალაგონ ყველაფერი და ერთხელ და სამუდამოდ სისტემა მოიყვანონ მწყობრში. დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს ეს საქმე, სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩამოყალიბდნენ და ვაცადოთ, ხელი შევუწყოთ კარგი საქმის კეთებაში. ბევრი ჩემი კოლეგა გაწევრიანდა, ვინც ორჭოფობდნენ, ისინიც და მგონია, რომ რაღაც გამოვა. ძალიან იმედიანად ვარ, რაც მთავარია, მაქვს შეგრძნება, რომ გამჭვირვალე პროცესია, არავინ არაფერს მომატყუებს და ჩემივე ტელეფონში მობილური აპლიკაციით მექნება საშუალება, ვაკონტროლო ჩემი შემოსავალი.
- წინა კომპანიაში არ გქონდათ თქვენი პირადი „კაბინეტი“, რითაც გააკონტროლებდით შემოსავალს?
- მსგავსი არაფერი ყოფილა. თავიდან იყო საუბარი, მაგრამ იდეის დონეზე დარჩა, არ განხორციელებულა. „პროფილი“ რომ გვქონოდა და გამჭვირვალედ გაკეთებულიყო, პრობლემებიც ხომ აღარ იქნებოდა?
- „არა ინტელექტის ოკუპაციას“ ამ ვიდეორგოლში მონაწილეობა თუ შემოგთავაზეს, როგორც „GCA“-ს წევრს?
- არავის შემოუთავაზებია. რომც დაერეკათ, ალბათ, მაინც უარს ვეტყოდი, გარკვევის პროცესში ვიყავი, და მირჩევნია, თავი შევიკავო ხოლმე მსგავს პიარკამპანიებში მონაწილეობაზე. პოლიტიკური თემებით ხდება ადამიანების მანიპულირება და მე ვთვლი, დაუწერელი კანონია, რომ ხელოვნება არ უნდა გასვარო პოლიტიკურ საკითხებში, ხელოვანი ადამიანები არ უნდა გამოიყენო შენი ბინძური მიზნებისთვის. როდესაც ეს თემა აგორდა, იყო გაუგებრობა, მაგრამ საბედნიეროდ, გაირკვა ყველაფერი და დალაგდა.
ცოტა ჩვენი ბრალიც არის, ბრმად მივენდეთ, პირველი იყო და გამოცდილებაც ნაკლები გვქონდა. ახლა კი, იმედია, ჩვენი შრომა დაფასდება და მივიღებთ ღირსეულ ანაზღაურებას. ძალიან საწყენია, როდესაც შრომობ და ამას არ გიფასებენ, მითუმეტეს, როდესაც შენს ხარჯზე სხვა მდიდრდება. ის, რომ ამ საქმით უკვე დაინტერესდა საზოგადოება და შეიქმნა ალტერნატიული კომპანია, ძალიან კარგია.