საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან „რესპუბლიკელ" მინისტრებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრი მინისტრების საკითხს ცივილიზებულად გადაწყვეტს.
მისი თქმით, ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია.
„როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა „რესპუბლიკელ" მინისტრებთან, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე, ასევე იმაზე, როდის ჩაერთვებიან ისინი აქტიურად წინასაარჩევნო კამპანიაში. ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა სავარაუდოდ მოითხოვს მათი მხრიდან მინისტრის პოსტების დატოვებას, თუმცა ეს კონკრეტიკაში, თითოეულ მინისტრთან მიმართებაში გადაწყდება. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, იგი უნდა გაემგზავროს ვარშავის სამიტზე. მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდი ჩვენ ერთად გავიარეთ და მისი დასწრება ვარშავის სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ, ვნახოთ, ამაზე ვისაუბრებთ და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.