„პრემიერ-მინისტრების მხრიდან მითითებები ადამიანების დაკავებაზე საქართველოში აღარ იქნება და მოლოდინებიც ნუ გვექნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორცხელის ინციდენტზე კომენტირებისას განუცხადა.
თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მისი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცედენტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
„არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე. ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა და წარსულს ჩაბარდა, რაც ძალიან კარგია. გამოძიება მიმდინარეობს. ჩემი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე მკაცრი რეაგირება, რაც კი შეგვეძლო, გაგვეკეთებინა. გამოძიება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეიტყობთ შედეგებს. პრემიერ-მინისტრების მხრიდან მითითება, დააკავეთ, დაიჭირეთ, ნულოვანი ტოლერანტობა - ასეთი რაღაცეები საქართველოში აღარ იქნება და მოლოდინებიც ნუ გვექნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, „დასასჯელი, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუციების გადასაწყვეტი".