logo_geo
eng_logo
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტური დასასრულს უახლოვდება
- +

31 მაისი. 2016. 17:13



„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" გრძელდება. ფესტივალის II ტური დასასრულს უახლოვდება, ტურის ბოლო კონცერტს ამჯერად ფოთი მასპინძლობს, რომელიც 30-31 მაისს, 19:00 საათზე ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარდგებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის - ხულოს, შუახევის, ქედის ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.

ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II ტური, ფინალი და გალა კონცერტი ელის.


შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

მეორე ტურის კონცერტები ასევე გაიმართა: 12 აპრილს (გორის, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მონაწილეები); 20-21 მაისს (ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი - იმერეთის, რაჭა-ლეჭხუმი-ქვემო სვანეთის, აჭარის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაურის მონაწილეები); 24 მაისსა (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - თბილისის მონაწილეები). ფესტივალის ფინალი - შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი - მუსიკა და ქორეოგრაფია. ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია.

როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე, გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" და ლაურეატთა ბუკლეტები.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტი ჩატარდა ფესტივალის ფარგლებში მომავალი 2 თვის განმავლობაში. 6 და 27-28 ივნისს ქართული ფოლკლორის მოყვარულებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფინალი ელის",- განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალთა ჩატარების -ლიანი გამოცდილება აქვს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად, მონაწილეების წასახალისებლად. ფესტივალი მხოლოდ ქართულ ფოლკლორს არ მოიცავს - ტრადიციული კულტურის წარმოჩენა საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს შეეძლება. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი პროექტია. ღონისძიება მოიცავს ტრადიციული ხელოვნების ყველა მიმართულებას: ხალხური სიმღერა, ქართული ტრადიციული გალობა, საკრავიერი მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner