logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია
- +

17 ივნისი. 2019. 12:26

 

 

„ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია და უნდა შეატყობინონ პოლიციას“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრასა და ამ მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისათვის დროული შეტყობინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით „ნუ წაართმევ ბავშვობას“ იწყებს.

 

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომელიც სიმბოლურად გაგრძელდება 18 დღის განმავლობაში. ამ კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქორწინების იძულებასთან და იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც წესი, ქორწინების იძულებას თან სდევს ხოლმე. ეს გახლავთ სექსუალური ძალადობა და ძირითადად, ოჯახში ძალადობა. დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად არასრულწლოვნები არიან და როგორც წესი, დანაშაულს ოჯახის წევრები ჩადიან. მართალია, მომართვიანობის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. ამ კამპანიით გვინდა, მოვუწოდოთ საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, რომ ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას. დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მოვახდინოთ ეფექტიანი და დროული რეაგირება და ფაქტობრივად, გადავარჩინოთ ეს არასრულწლოვნები, მივცეთ მათ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა და რაც მთავარია, არ წავართვათ განათლების უფლება. ამ 18 დღის განმავლობაში იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. ჩაერთვებიან განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს ქმედება დანაშაულია და აუცილებლად უნდა შეატყობინონ პოლიციას“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიებაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა პრეზენტაციაც წარმოადგინა, სადაც ნაადრევი ქორწინების შესახებ სტუმრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნეს.

 

2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა. შსს-ს ცნობით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო კამპანიაც.

 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები მიიღებენ. დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც კამპანიის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ.

 

საინფორმაციო კამპანია გაერო-ს მოსახლეობის მხარდაჭერით, გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner