თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი ორგანიზაციის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტერიტორიის ზონალური სტატუსი მსგავსი ობიექტის აშენებას არ ეწინააღმდეგება. მისივე შეფასებით, კარგი იქნება, თუ აღნიშნულ ადგილას დღესდღეობით მდებარე ავტოსალონი რეკრეაციულ-დასასვენებელი სივრცით ჩანაცვლდება და ტყე-პარკი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
„ეს ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, საზოგადოებრივ-საქმიანი სივრცეა. გენგეგმის მიხედვით, ტყე-პარკის დანარჩენი ნაწილი, პრაქტიკულად, მთლიანად ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ტერიტორიად იქცა. დღევანდელი ავტოსალონი ტყე-პარკის ფუნქციასთან და შინაარსთან სრულიად შეუთავსებელია. თუ ის სახესა და ფუნქციას შეიცვლის და საზოგადოებრივ ინტერესებს უფრო მეტად დააკმაყოფილებს, ეს მისასალმებელია.
პროექტი არ მინახავს და გამიჭირდება თქმა, ზუსტად რა ფუნქციებითაა ის დატვირთული, მაგრამ როგორც ვიცი, საუბარი საგამოფენო სივრცეებზე და ბევრ ახალ მცენარეზეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიღმის ტყე-პარკი ნაკრძალი არ არის. აქ ადამიანები ვარჯიშობენ, მთელ დღეს ატარებენ, ბავშვებს ასეირნებენ... ასე რომ, პროექტის შესაბამისი ფუნქციით განხორციელებამ შესაძლოა, ბიძგი მისცეს იმას, რომ დიღმის ტყე პარკმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს“, - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
გარდა ამისა, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, დიღმის ტყე-პარკი სავალალო მდგომარეობაშია და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პროექტი არსებულ ვითარებას გამოასწორებს.
„თუ მოხდება ისე, რომ მცენარეების ხელყოფა შეწყდეს, მათი დაცვისა და მოვლა-პატრონობის მექანიზმები გაჩნდეს, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდეს და ადამიანებს კომფორტულად დასვენების საშუალება მიეცეთ, ეს ტერიტორია სწორედ ამისთვისაა“, - განმარტავს სალუქვაძე.
ახალი ობიექტის ფუნქციაზე ამახვილებს ყურადღებას ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძეც და აცხადებს, რომ ობიექტი, ისევე, როგორც ტყე-პარკი, აუცილებლად რეკრეაციული დატვირთვის მატარებელი უნდა იყოს.
რაც შეეხება თავად ორანჟერეის პროექტის ავტორს, მამუკა ჩხაიძეს, გენგენმის ავტორები მას კვალიფიციურ სპეციალისტად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად „კია მოტორსის“ ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია „ანაგმა“ ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9“-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.