logo_geo
eng_logo
„ბოლივუდის“ პროდიუსერები რომანტიკულ ტრილერს ბათუმში იღებენ
- +

31 მაისი. 2016. 17:18



ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე „ბოლივუდის" ფილმის გადაღებები მიმდინარეობს.  „გადაიღე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში „ბოლივუდის" წამყვანი პროდიუსერები რომანტიკულ ტრილერს უკვე 1 კვირაა იღებენ, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. 



65 დღის განმავლობაში ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები რომანტიულ ტრილერს „Machine" ადგილობრივ საპროდიუსერო და სარეკლამო კომპანია „ბეთერფლაისთან" ერთად მთლიანად საქართველოში გადაიღებენ. კინოოპერატორთა ობიექტივში  ძირითადად ბათუმი და მესტია მოექცევა.


ბოლივუდური გადაღებები ბათუმში 24 მაისს დაიწყო, რომელშიც ცნობილი ინდოელი  მსახიობები Mustafa Burmawala, Kiara Advani,  Ishan Shankar და Carla Dennis მონაწილეობენ, კინოწარმოების პროცესში ჩართულია 70-ზე მეტი ქართველი მსახიობი, ხოლო მასიური სცენებში 200-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე ჩაერთვება.



აღსანიშნავია, რომ პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, უკვე 3 განაცხადია შემოსული, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე დაიხარჯება. ინდური ფილმის გადაღებების პარალელურად უკვე გადაწყვეტილია ამერიკული და ქართულ-გერმანული პროექტების განხორციელება და გადაღებების დაწყება. ასევე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პროდიუსერებთან  კიდევ რამდენიმე ფილმის გადაღების თაობაზე.



2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში" დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ  სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.



მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის მთელ  რიგ ღონისძიებებს აწარმოებს, კერძოდ  ე.წ. Road Show-ების მეშვეობი ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის  ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner