„ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ნებისმიერ სხვა ალტერნატიულ პროექტს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, განვიხილავთ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, გეგმავს შეხვდეს „აიპიემ ტერმინალის“ წარმომადგენლებს და საქმიან ვითარებაში განიხილოს ყველა მათი საჭირბოროტო საკითხი.
„ფოთის პორტი არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელსაც ასევე მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ლოჯისტიკაში. ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ნებისმიერ სხვა ალტერნატიულ პროექტს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, განვიხილავთ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში, თუკი რაიმე ბიზნესგეგმა იქნება სამინისტროში წარმოდგენილი და მოგეხსენებათ ბიზნესგეგმა წარმოდგენილი არ არის, განვიხილავთ მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ არც ერთი ნაბიჯით არ დავაზარალოთ ანაკლიის პორტის კონცეფცია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.