logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლომ სახელმწიფოს გიორგი პაპუაშვილთან მორიგების შესაძლებლობაზე დრო 15 ივნისამდე განუსაზღვრა
- +

31 მაისი. 2016. 17:59



2016 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს სახელით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციის გაცნობის შემდგომ მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე პროცესი, შესაძლებელია, დავის მონაწილე მხარეების საერთო მორიგების საფუძველზე დასრულდეს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლო საკითხის მორიგებით დასრულებას მიესალმება და მართლმსაჯულება დაინტერესებულია, პროცესს ხელი შეუწყოს. ამასთან, დიანა ფარქოსაძემ განაცახდა, რომ სასამართლო საქმის კურსში უნდა იმყოფებოდეს მხარეთა შორის შესაძლო მორიგების თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გონივრული ვადა ეძლევა, ვინაიდან სასამართლო დარწმუნდეს მოლაპარაკების ნამდვილობაში. შესაბამისად, სხდომა 2016 წლის 15 ივნისს განახლდება.



მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატი, „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მორიგების თაობაზე მხარეთა საერთო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ინტერესების დაცვისთვის, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებრივი იმიჯის აღდგენისთვის, ყველაზე მისაღები ფორმა იქნება. არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა, რომ მოსარჩელე ხელს შეუწყობს საკითხზე მოლაპარაკებების პროცესს. ამ მიმართულებით, არჩილ კაიკაციშვილმა პროცესის ნამდვილობა დაადასტურა, თუმცა მორიგების კონკრეტული წინადადებების დასახელებისგან თავი შეიკავა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ვიდრე მორიგების საკითხი დგას, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საჯარო გახადოს როლანდ ბლადაძის პირობები. არჩილ კაიკაციშვილმა დავის საგანზე სახელმწიფოს დღევანდელ პოზიციას სახელმწიფოებრივი მიდგომა უწოდა.



სასამართლომ გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ორი შუამდგომლობაც განიხილა. პირველი ეხებოდა სხდომის ფოტოგადაღების უზრუნველყოფას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გამო. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ მხარეს სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩანაწერის უფლება ისედაც გააჩნია, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება კი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართვის საფუძველზე იქნებოდა შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო, ბოლო წლებში, მიდის სტანდარტის მიმართულებით. სხვა სხდომებზე ასეტი შუამდგომლობის დაკმაყოფილების პრობლემა არ წარმოშობილა, სასამართლოს გადაწყვეტილება კი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ შუამდგომლობის არდაკმაყოფილებით, მოსამართლემ გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება განახორციელა. სასამართლო მოსარჩელე მხარეს არც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ სასამართლო შინაგანი რწმენის საფუძველზე შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც დავის საგანთან მიმართებით წარმოდგენილია და მიღებულია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების ხელმძღვანელი პირების მიერ. არჩილ კაიკაციშვილმა სხდომაზევე განაცხადა, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.



არჩილ კაიკაციშვილმა პირველ სასამართლო სხდომაზე სპეციალური განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე იკითხავს, სად არის ემიგრაციაში მყოფი დაზარალებული, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახი, ამ სხდომას როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახი ესწრება. დღეს მე ვარ როლანდ ბლადაძე". მისივე თქმით, პირველად, აღნიშნული დავის ისტორიაში, ქონების ჩამორთმევიდან 12 წლის შემდეგ, შედგა ისტორიული სასამართლო პროცესი. პირველად, საკონსტიტუციო მართლმსჯაულების და ზოგადად, სასამართლოს ისტორიაში, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს იცავს ადვოკატი. ამიტომაც, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის პრეცედენტი. ჩვენ ეს შევძელით. არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან. ყველა ნაბიჯი იქნება წინ!" - განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.



როლანდ ბლადაძის ადვოკატმა სასამართლოსგან საქმის განხილვის ნდობაზე სამი ფუნდამეტური პრინციპის დაცვა მოითხოვა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ მართლმსაჯულების ისტორიაში ამ რეზონანსული საქმის განხილვის პროცესში, განუხრელად უნდა დაიცვას შემდეგი სამი ფუნდამეტური საკითხი:


1.            სასამართლომ გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს მხოლოდ კანონს და მხოლოდ მტკიცებულებებს;

2.            სასამართლო არ იქნება ტოლერანტული გიორგი პაპუაშვილის მიმართ

3.            მხარეები ერთად შეეცდებიან საკონსტიტუციო და არამხოლოდ საკონსტიტუციო საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ღირსების აღდგენა;



არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვისთვის არც ერთი მოსამართლის არც ერთ უკანონო გადაწყვეტილებას არ დატოვებს რეაგირების გარეშე. არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლეს კითხვით მიმართა: ვინ ვართ დღეს ჩვენ?". „ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ მოქალაქე, ჩვენ ვართ სასამართლო, ჩვენ ვართ სამართალი" - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.



როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს მოქალაქის ჩამორთმეულ ქონებაზე უფლების აღდგენა, რომელშიც ამჟამად ოჯახთან ერთად, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს. დავის მხარეები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არიან.



სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, დასახელებული სამინისტროების მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.



თბილისის საქალაქო სამართლოში როლანდ ბლადაძის საქმეზე პირველ სხდომას სხვადასხვა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომას ესწრებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და სამართლის დარგის სპეციალისტები. სხდომის მონიტორინგი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა. მოქალაქეთა სიმრავლის გამო, მოსამართლეს დასაწყისშივე სხდომის დარბაზის შეცვლა მოუხდა. საქმეზე მორიგი პროცესი 2016 წლის 15 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner