აბანოების თანამშრომლებმა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები წყლის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებდნენ.
შპს „ნარიყალას" დირექტორის ნოდარ ტოტოღაშვილის განცხადებით, გაზრდილი ტარიფი ძველი თბილისის ისტორიული აბანოების დახურვას გამოიწვევს.
მისი თქმით, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ თანამშრომლების ბედი, რომლებიც აბანოებში არიან დასაქმებულნი.
აქციის მონაწილეებმა შენობის წინ, ვედროებით მიტანილი წყალი დაღვარეს, რაშიც სიმბოლურად თანხა 2 თეთრი გადაიხადეს და მინის პატარა ყუთით კომპანიის დაცვის თანამშრომლებს დაუტოვეს.
„კიდევ ერთხელ მივმართავთ, გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნა, მოგვცენ გონივრული ტარიფი და გაგვიფორმონ ხელშეკრულება. არანაირი მოლაპარაკება არ შედგა, ისინი მხოლოდ ფურცელზე აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ პრაქტიკულად, კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის. თავს ვიკავებდი აქციების გამართვისგან, ასევე გავითვალისწინე სასამართლოს პოზიცია და მივმართე GWP-ს, დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაგვეწყვიტა პრობლემა ისე, რომ არ დაზარალებულიყო არც ერთი მხარე, თუმცა მათი მხრიდან, იგნორირებას აქვს ადგილი", - განაცხადა ტოტოღაშვილმა.
მისი თქმით, აბანოები ჯერჯერობით ფუნქციონირებს, თუმცა, თუ რამდენიმე დღეში GWP-ს წარმომადგენლებთან შეთანხმება არ მოხდა, აქციები გაგრძელდება.
„შემდეგი მიზანი იქნება სემეკ-ი. თუ შედეგი არ დადგა, ჩვენ ერთი კვირით შევწყვეტთ ფუნქციონირებას", - განაცხადა ტოტოღაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 13 ივნისს გაიმართება.