მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად. პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლების და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეს სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა.
პროექტი სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობას გულისხმობს და შემდეგ მიზანს ისახავს: (1) ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის და ჩართულობის გაზრდა; (2) ზოგადი განათლების სისტემაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება; (3) უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების მექანიზმების გაძლიერება და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; (4) სისტემის განმტკიცება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია; და (5) პროექტისა და მონიტორინგის სისტემის გაძლიერება.
„ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის“ პროექტი სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით ხელს შეუწყობს ჩვენს უმთავრეს რესურსს - ადამიანური კაპიტალის განვითარებას,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის გუნდს და მის ადგილობრივ ოფისს მხარდაჭერისთვის.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე განათლების სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში სხვადასხვა დონორი ორგანიზაციაა ჩართული, მადლობას ვუხდი ყველას, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი ამ პროცესში მსოფლიო ბანკია. მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება ამ მხარდაჭერისთვის - არამხოლოდ მნიშვნელოვანი რესურსებისთვის, არამედ გამოცდილებისა და კომპეტენციების გაზიარებისთვის, იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი განათლების სექტორისთვის აკეთებს. ეს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს რეფორმის უპირობო წარმატებას“, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
„საქართველო აგრძელებს ინვესტირებას თავის მოქალაქეებში. აღნიშნული პროექტის მიზანი, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების მოსაზიდად და კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში ინოვაციების და პროდუქტიულობის ასამაღლებლად საქართველოს მხარდაჭერაა. მტკიცე საფუძვლის მომზადების გზით და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებით პროექტი გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს თოთოეული მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად,“ - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.
მსოფლიო ბანკში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოში განათლების რეფორმაში მნიშვნელოვან სიახლეა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მომზადებას 21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება პედაგოგიკაში და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს.
პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
პროექტი უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობაზე, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების, (სოფლების და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობების და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას. განახლებული აკადემიური პროგრამებით პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018-2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.