ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში ცვლილებების ინიციატივა პირადად მას ეკუთვნის.
როგორც სერგეენკომ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, თავად სთხოვა მამუკა ბახტაძეს, რომ უწყების ხელმძღვანელის ცვლილების საკითხი განეხილა, რადგან დარწმუნებულია, ამით რეფორმები კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძეს რეკომენდაცია თავად გაუწია.
„ჩვენ გარკვეული პერიოდის, რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორი იქნებოდა ოპტიმალური, რომ რეფორმების ახალი ტალღა სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ესაა ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე მჯერა და ეს არაა ერთჯერადი შეხედულება, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი, მეორე მხრივ, ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.