logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა
- +

18 ივნისი. 2019. 14:39

 

„გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა, პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ, ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც გუნდისა და დავით სერგეენკოს დამსახურებაა.

„გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვღელავ. ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და დავით სერგეენკოს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტების უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს დანიშნა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა.

 

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის, „დოსტაქარის“ დირექტორი იყო. ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მიწვეული კონსულტანტი, მანამდე მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ჯანდაცვის ახალი მინისტრი გერმანული „Donau-Universität Krems“-ის კურსდამთავრებულია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner