logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, ჯანდაცვის სტანდარტი წლიდან წლამდე იზრდება
- +

18 ივნისი. 2019. 14:54

 

„მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ეკონომიკური გამოწვევები და სიდუხჭირე, ჯანდაცვის სტანდარტი წლიდან წლამდე იზრდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დანიშნა.

 

მისი თქმით, ჯანდაცვის სფერო და ის რეფორმები, რაც 2012 წლიდან გატარდა, განსაკუთრებით საამაყო და ყველაზე მნიშვნელოვანია. მამუკა ბახტაძემ რეფორმებიდან გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც, მისი თქმით, საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა.

 

„მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფერო და ის რეფორმები, რაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გაატარა 2012 წლიდან, ჩვენთვის არის განსაკუთრებით საამაყო და ყველაზე მნიშვნელოვანი. უმთავრესი ცვლილება, რაც მოიტანა „ქართულმა გუნდმა“ გახდა ის, რომ მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა და რეფორმა მორგებულია ადამიანზე, ჩვენს მოქალაქეზე. ყველას კარგად გახსოვთ, რა სისტემა ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წლის ბოლოს და რა მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს დღეს. ბუნებრივია, ეს წარმატება უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დავით სერგეენკოს. ადამიანს, რომელმაც შეძლო ამ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური გამოწვევები, სიდუხჭირე, ჯანდაცვის სტანდარტი იზრდება წლიდან წლამდე. მოქალაქეების ხელმისაწვდომობაც ჯანდაცვის სერვისებზე იზრდება ყოველწლიურად. ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში გავხდეთ პირველი ქვეყანა. რომელიც შეძლებს С ჰეპატიტის დამარცხებას. მინდა, დავით სერგეენკოს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ნებისმიერ სისტემას სჭირდება ახალი რეფორმები და რეფორმები ეს არის მუდმივი პროცესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალ სამთავრობო პროგრამაში წარადგინეს ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც დასახულია რეფორმების ახალ ფაზაში.

 

„რამდენიმე მათგანს გამოვყოფ - ეს არის ელექტრონული ჯანდაცვა და ზოგადად, სერვისების გაციფრულება. მეორე გახლავთ ჯანდაცვის სისტემაში მომსახურების ხარისხის ზრდა. ეს არის აუცილებელი წინაპირობა, ვინაიდან ჩვენი და ბიუჯეტის მხრიდან იზრდება ინვესტიციები, იზრდება დანახარჯები სამედიცინო სფეროზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის ღებულობს უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვის სერვისს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხები, განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა მოქალაქეებისთვის, ეს ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული და გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა.

 

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები გავითვალისწინეთ 2019 წლის ბიუჯეტში ამისთვის და მე ვპირდები საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება დაფინანსება, რათა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ეს პრობლემა, რომელიც უკავშირდება იმ ხარჯებს, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში იხდიან, როდესაც ყიდულობენ სხვადასხვა ტიპის წამლებს. ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიოთ. ეს არის ამავდროულად საქართველოში სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner