logo_geo
eng_logo
ხატია მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ისტორიული ნაწილის რემონტი დასრულებულია
- +

18 ივნისი. 2019. 15:45

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა მედიისათვის ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების, მინსკში დაგეგმილი ვიზიტისა და გრემისხევში სტუმრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ისტორიული ნაწილის რემონტი დასრულებულია და მალე ყოფილი ორბელიანების სასახლე აღიჭურვება ავეჯით, რომელიც საქართველოში, ამ ტიპის საცხოვრებელი რეზიდენციების მოსაწყობად გამოიყენებოდა. მათი მოძიება ადგილობრივ ოჯახებში მოხერხდა, ნაწილი კი შეირჩა საზღვარგარეთ. სასახლის მოსაწყობი ინვენტარის შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება, დღეს საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცემა. როგორც კი ორბელიანების სასახლე აღიდგენს თავის ისტორიულ იერ-სახეს, აქ მოეწყობა სამუზეუმო სივრცე და გაიხსნება მნახველებისთვის. ხელოვანების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით, ასევე მოეწყობა გამოფენებიც. აქვე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ყველას მადლობა, ვინც ჩართული იყო ამ მართლაც ღირსშესანიშნავ საქმიანობაში, რასაც თბილისისთვის, საქართველოსთვის ამ ისტორიული მემკვიდრეობის მქონე სასახლისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა ჰქვია“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიას მინსკში დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია: საქართველოს პრეზიდენტი 20-22 ივნისს ბელარუსში მიემგზავრება, მინსკში, მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება და ქართველ სპორტსმენებს ადგილზე უგულშემატკივრებს. დაგეგმილია ასევე, პრეზიდენტის სტუმრობა ევროპული თამაშების ქალაქში, სადაც თამაშების მონაწილე, საქართველოს 61 სპორტსმენი ევროპული თამაშების პერიოდში იცხოვრებს. ამასთან, მინსკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ოფიციალური შეხვედრები ბელარუსის მხარესთან. დაგეგმილია ასევე, ბელარუსში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციების წარმომადგენლებთან როგორც ორმხრივი, ასევე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები.

 

ხატია მოისწრაფიშვილმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გრემისხევში პრეზიდენტის სტუმრობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გრემისხევში, საოკუპაციო ხაზთან თიჯრობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა.

 

„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საუკუნეების განმავლობაში ქართველებისა და ოსების თანაცხოვრების ტრადიციების დაცვა და საოკუპაციო ხაზით მოსახლეობის გაყოფა დანაშაულია. ასევე პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია დავეხმაროთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას - შევუქმნათ მათ საჭირო საცხოვრებელი პირობები, მათ შორის, უნდა გაკეთდეს გზა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ დაიცალოს სოფლები. გრემისხევის გზის რეაბილიტაციის საკითხს პრეზიდენტი მთავრობის წინაშე დააყენებს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner