ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „ყველას ეხება... არ აგარევინებთ ძლივს დაწყნარებულ ქვეყანას!“
გამოხმაურება კინორეჟისორ რუსუდან გლურჯიძეს
************************************
რუსუდან, აბსოლუტური მხარდაჭერა თქვენს პოზიციას!
თქვენს თაობას, წარმატებულს, განათლებულს, ზნეობრივს, საზოგადოებრივად აქტიური სამოქალაქო პოზიციით ბევრი რამ შეუძლია. ამიტომ, უგნურებისა და ბოროტების წინააღმდეგ თქვენც, პოლიტიკისგან შორს მყოფნიც კი, უნდა გაერთიანდეთ, რამეთუ ორგანიზება აათმაგებს და აასმაგებს შესაძლებლობებს!
ძალადობისკენ მოწოდება, მისი წახალისება უმკაცრესად უნდა შეფასდეს და კანონის სრული შესაბამისობით დაისაჯოს. იგივე ეხება ანგარიშსწორების მოწოდებებს ორივე (სამივე, ოთხივე და ა. შ.) მხრიდან.
უნდა დავმშვიდდეთ! ყველანი!
იაფფასიანი პოლიტიკური ქულების მოყვარული ბევრია, მათ შორის, ყოფილი ჩამშვებები, აგენტები, „პუბლიცისტკები“, პირადი ბოღმის და სიძულვილით ანგარიშმსწორებლები, კარიერისტები და, ისინიც, ვინც ახლა ცდილობს ამღვრეულ წყალში ღლავის დაჭერას.
ყველამ უნდა შეიგნოს: კიდევ ერთ არეულობას ქვეყანა ვერ გადაიტანს.
მრავალფეროვან(!!!!) საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სცენაზე „პატრიოტისა“ და „დემოკრატის“ მანტიაში გახვეული ამდენი პროვოკატორი, გიჟი, დარტყმული, გახრწნილი და აგრესიული ტიპაჟი ვინ და როგორ შეკრიბა?!
სწორედ ასეთი „მანიაკების“ გამო დავკარგეთ აფხაზი ძმები, სამაჩაბლო; მათი „დამსახურება“ იქნება არეულობა ჯავახეთში, გართულება სხვა მეზობლებთან...
იმის მაგივრად, საქართველოს მტრების წინააღმდეგ ერთ მუშტად შეიკრას დიდი თუ პატარა - გავლენის აგენტების და ზოგიერთი ბრიყვის თუ აქტიური იდიოტის „მონდომებით“ ნოყიერი ნიადაგი ჩნდება ყველასთვის ცნობილი ჩრდილოური სტრატეგიის, ჩანაფიქრის განსახორციელებლად და მის სასარგებლოდ: ქართველი კვლავ შეიძლება დაუპირისპირდეს ქართველს, თაობა - თაობას, კუთხე - კუთხეს, მორწმუნე -ათეისტს, მეზობელი - მეზობელს...
ეს კინო ხომ ვნახეთ?
მხოლოდ ერთხელ?
შედეგიც, ხომ ვიცით, როგორი იქნება?
ჰოდა, შევიგნოთ: უფსკრულამდე დიდი მანძილი როდია!
ამიტომ, პრინციპულად მოვითხოვოთ: ხელისუფლებამ, საზოგადოების ნდობით და მხარდაჭერით აღჭურვილმა, იმოქმედოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების და მისგან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის სრული და ზუსტი დაცვით.
პროვოკატორებს (სქესის, ასაკის, მდგომარეობის მიუხედავად) უშიშრად უნდა გაეცეს ღირსეული პასუხი!
კანონმა უნდა იკანონოს!
16 ივნისი