შპს „ნარიყალას" დირექტორის ნოდარ ტოტოღაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი აქციის შემდეგ, კონტაქტზე არავინ გამოვა, აქციები გაგრძელდება.
ტოტოღაშვილის თქმით, ბიზნესისთვის ისეთი გადასახადები უნდა იყოს, რომ მათ ფუნქციონირება შეძლონ.
„დაუწესონ კომპანიებს ის გონივრული ტარიფი, რომ ბიზნესმა შეძლოს განვითარება. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ბიზნესმა მაქსიმალური ტარიფი იხადოს. რატომ უნდა ვიხდიდეთ 85 თეთრს წყლის დაღვრისთვის, რატომ უნდა იხდიდეს საბაშვო ბაღები გაზრდილ ტარიფს, საცურაო აუზები?!" - განაცხადა ტოტოღაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ბიზნესი უნდა განვითარდეს.
„ზოგადად, არსებობს სტანდარტი, რომ ორი სუბიექტი ხელშეკრულებებით საუბრობდეს ერთმანეთთან და არა ის, რომ ცალმხრივად მიიღონ გადაწყვეტილება", - განაცხადა ტოტოღაშვილმა.
მისი თქმით, ორგანიზაციას დავალიანება დაახლოებით, 110 ათასი ლარი აქვს.
„მიუხედავად დავისა, ჩვენ ყოველ თვეს, ამ პერიოდში, ვიხდიდით იმ გადასახადს, რაც ძველად გვქონდა დაკისრებული. 700 ლარს ვიხდიდით და დღეს მდგომარეობით, დაახლოებით, 15-ჯერ არის გაზრდილი გადასახადი. დღევანდელი აქციის შემდეგ, 3 ივნისს გვაქვს დაგეგმილი აქცია სემეკ-თან. თუ არავინ გამოვა კონტაქტზე, შემდეგ მერიასთან ჩავატარებთ აქციას. თუ იქაც არ იქნება არანაირი შედეგი, თბილისელებს ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ აბანოები ვეღარ იფუნქციონირებს", - აცხადებს შპს „ნარიყალას" დირექტორი.
ცოტა ხნის წინ აბანოების თანამშრომლებმა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" შენობასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები წყლის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა შენობის წინ, ვედროებით მიტანილი წყალი დაღვარეს, რაშიც სიმბოლურად თანხა 2 თეთრი გადაიხადეს და მინის პატარა ყუთით კომპანიის დაცვის თანამშრომლებს დაუტოვეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 13 ივნისს გაიმართება.