საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ახალი მინისტრი თანამშრომლებს დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროში წარუდგინა.
„დღეიდან სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს, ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც გულწრფელად მინდა, წარმატებები ვუსურვო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. გვქონდა ბევრი გამოწვევა, ბევრი წარმატება, რაშიც თქვენი დიდი ღვაწლია. ის თემატიკა, რაც ამ სამინისტროს ქვეშ არის, განუწყვეტლივ საჭიროებს რეფორმებს, ახალ მიდგომებს, ახალ ხედვასა და ახალ ენერგიას. სწორედ ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მიღებული იქნა, მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანისთვის და თითოეული მოქალაქისთვის უკეთესობის მომტანი იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს და გაგრძელდეს სამინისტროში დაგეგმილი თითოეული რეფორმა.
„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩავიბარე მართლაც ურთულესი დარგი და თან ყველაზე წარმატებული მინისტრის ყველაზე წარმატებულად შესრულებული რეფორმის შემდეგ. ეს ჩემს პასუხიმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იმ პოზიციიდან, სადაც ის გადაინაცვლებს, ყველა ჩვენგანს მხარში დაგვიდგება და ხელს შეგვიწყობს. რეფორმები, რომელიც წინ გველოდება, იქნება თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით შესრულებული თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ. ჩვენ გუნდურად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დავით სერგეენკომ უწყების თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს დანიშნა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა.