ავტორი ბიძინა დვალი
პირველი იყო ერგნეთის ბაზრობის, ქართულ-ოსური თანაცხოვრების ერთგვარი ხიდის, გაუქმება, რასაც მოჰყვა (მთელი ზაფხულის განმავლობაში) პროვოკაციათა ჯაჭვი - ავანტიურისტული, უგუნური გამოხდომები, იარაღის ჟღარუნის თანხლებითა და მძიმე შედეგებით. ამ ყველაფერს სამარცხვინო და საბედისწერო ფინალი ჰქონდა: ყველას მწარედ გვახსოვს, ქართულუნიფორმიანი, მუხლებზე დაჩოქილი რამდენიმე ათეული ახალგაზრდა და კვლავ მტრობაში გადაზრდილი, რის ვაივაგლახით აწყობილი ყოფითი კავშირ-ურთიერთობები.
შემდეგ, კოდორის ხეობისთვის (დალის ხეობისთვის) ახალი სახელის - ზემო აფხაზეთის(?) დარქმევა და ცხინვალის რეგიონისთვის (სამაჩაბლოსთვის) ძველი, საბჭოთა პერიოდის სახელისა და ფაქტობრივად, საბჭოურივე სტატუსის დაბრუნება;
შემდეგ, კოდორის ხეობაში, ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული შეიარაღებული რაზმის, „მონადირის" გაუქმება და სამთავრობო ნაწილების შეყვანა (უდიდესი პროვოკაცია, საერთაშორისო მანდატით მოქმედი რუსი სამშვიდობოების პირობებში);
შემდეგ იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიაში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება (დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ანალოგიური არჩევნების პარალელურად). ამ აქტით, ნაცხელისუფლების მიერ, ფაქტობრივად მოხდა როგორც მის მიერვე აღდგენილი ავტონომიური წარმონაქმნის, ისე დე -ფაქტო მოქმედი პრეზიდენტის უფლებების (სტატუსების) „გაპრავება". ამ ყველაფერს, მუდმივად, ფონად სდევდა ფსევდოაგრესიული რიტორიკა (როგორც წესი, მსგავსი თამაშების ნაწილია და რეალური გეგმის შენიღბვას ემსახურება), როგორც ოსური მხარის, ისე რუსეთის უმაღლესი ხელისუფალის მისამართით.
იმავდროულად, პარალელურ რეჟიმში, ფართოდ ეხსნება კარი რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. ინტერვენცია იმდენად მასშტაბურია, რომ ქართველი ეკონომისტები არ ერიდებიან ისეთი მძაფრი შეფასებების გაკეთებას, როგორიცაა - „საქართველოს ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფოს ხელშია". მართლაც, კომენტარი ზედმეტია.
უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს გვერდიდან არ მოშორებია ათეული წლების განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი თემურ ალასანია.
საინტერესოა, რომ მისი როლი ოფიციალურად იყო გამყარებული მრჩევლის სტატუსით და არც ის იყო დამალული, რომ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებზე მეტი გავლენით სარგებლობდა პრეზიდენტის კარზე (თემურ ალასანია დღესაც რუსეთის ერთგულ მოქალაქედ რჩება და კითხვაც არ უნდა იბადებოდეს, ვის ინტერესებს დაიცავდა რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობების პირობებში.)
ყველაფერი, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი, უტყუარი ფაქტებია. მათ ერთობლიობას და მოვლენათა განვითარების ლოგიკას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა აგრესორი სახელმწიფოსთვის ჩვენი ტერიტორიების გადაცემის პოლიტიკა.
ბუნებრივია, პასუხს მოითხოვს კითხვა - რა აუცილებლობა, უფრო სწორად, რა იძულება განაპირობებდა ამ მძიმე არჩევანს?
ქართულ პოლიტიკაში პროდასავლური ან პრორუსული არ არის ღირებულებითი კატეგორიის ცნებები. ისინი აღნიშნავენ ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მზადყოფნას, თავის სამშობლოში ემსახუროს აშშ-ის ან რუსეთის ინტერესების გატარებას.
როცა პირადი ინტერესი და ამბიცია წინ უსწრებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს ინტერესი და ამბიცია ავადმყოფურია.
ძალაუფლების ხიბლით შეპყრობილი ადამიანი (ადამიანები) ბევრ რამეზეა წამსვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ხელისთვის, რუსული იქნება ეს თუ ამერიკული (ან ო რ ი ვ ე ე რ თ ა დ), სურვილის შემთხვევაში, ადვილია მისი (მათი) მართვა.
ამავე კონტექსტში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ფულის თემას. ცნობილია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გამოყოფილი იყო რამდენიმე მილიარდი დოლარი. კითხვა ამ თანხის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით აგვისტოს ომამდეც ხშირად ისმოდა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციის შემდეგ მან კიდევ უფრო მძაფრი ჟღერადობა შეიძინა. მართლაც, სად იყო ის შეიარაღება და ქართული სარდლობის ის შემართება, რომელსაც „ყველა მტერთან გამკლავება შეუძლია"? (სააკაშვილის სიტყვებია). არახალია, ძველია, რომ ომზე მდიდრდებიან. ისიც არახალია, რომ „ომი ყველაფერს ჩამოწერს".
იარაღის თემა და მასთან დაკავშირებული მილიარდები შესაბამის უწყებათა კვლევის საგანია. ადვილი შესაძლებელია, რომ მან საერთაშორისო მასშტაბიც შეიძინოს, რადგან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში წარმოჩნდება ხოლმე ზემოთ ხსენებული ტრანს-ეკონომიკური ინტერესები უარყოფით კონტექსტში. შეხსენებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ ღიად გაიჟღერა თემურ ალასანიას სახელმაც (მხედველობაში მაქვს ირაკლი კაკაბაძის უაღრესად საყურადღებო, მამხილებელი პუბლიცისტური წერილები).
აუცილებლად შესასწავლია ომის შემდგომი პერიოდის მოვლენათა განვითარებაც.
ავადსახსენებელი აგვისტოდან გარკვეული დროის შემდეგ მოვისმინეთ აშშ-ის მაღალი პასუხისმგებლობის პირების - კონდოლიზა რაისის, ჯონ ტეფტის და თქვენ წარმოიდგინეთ, მეთიუ ბრაიზას - „გულისშემძვრელი აღსარებები", თუ როგორი უმართავი (ყველაზე რბილი შეფასებით) გახდა „მიშა" აგვისტოს წინა პერიოდში. მოდით და ნუ გაგვიკვირდება, რომ „უმართავმა", ზემოთ ჩამოთვლილი შემფასებლების უშუალო ჩართულობით, ომის ზარალის სალიკვიდაციოდ, დამატებით, დახმარების სახით, პირად განკარგვაში მიიღო 4,5 მილიარდი დოლარი, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაცხელისუფლების გაძლიერებას უფრო ხმარდებოდა, ვიდრე მძიმე პრობლემების მოგვარებას. ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე საუბრის დროს იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ საქართველო ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების ასპარეზია, გარკვეული თამაშის წესების დაცვის პირობით, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი რომელიმეს აქტიურობა მტკივნეული შედეგების მომტანი არ უნდა იყოს მეორის ინტერესებისთვის (მსგავსი პროცესებია უკრაინაშიც). ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, ამ თამაშში არც ამერიკა და არც რუსეთი არ უნდა დარჩეს წაგებული, ორივემ რაღაც უნდა მიიღოს, ანუ ბოლოს ყველაფერი მორიგებით მთავრდება.
დამეთანხმებით, თემა აქტუალობას არ კარგავს, პირიქით, დროში მეტ სიმძაფრეს იძენს. აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ გამოტანა საზოგადოების სამსჯავროზე, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნების ფონზე. პოლიტიკური გარემო კვლავაც ორპოლუსიანია: ერთი მხრივ - „ქართული ოცნება" და მეორე მხრივ - გაშლილი ფრონტით მოქმედი (მადლობა ღმერთს, ლუსტრაცია უკვე მოხდა... არათუ მოხდა, უწყვეტი სახით მიმდინარეობს „რუსთავი-2"-ის ეთერში) ძველი დანაშაულებრივი რეჟიმი („ნაცები", ალასანია, „რესპები", ბურჭულაძე და სხვ.). ერთი-ორი გამონაკლისი (მაგალითად, ბურჯანაძე, „მრეწველები" და სხვ.) ვითარებას ვერ ცვლის.
ქვეყანა მარტივი, თუმცა, არც ისე იოლად განსახორციელებადი გადაწყვეტილების წინაშე დგას - აუცილებლია 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევანის გამყარება, „ქართული ოცნება" უფრო დიდი უპირატესობით უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ოღონდ ძირეულად განახლებული და თვისებრივად გაძლიერებული.
29.05.2016