ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
Facebook-მა „ამომიგდო“ ერთი ძველი ფოტო და ჩანაწერი, სასიამოვნო მოგონებად დარჩენილი...
ალექსანდრე, ახლობლებისთვის, უბრალოდ, ალიკ სააკოვი!
ცხოვრობდა საქართველოში ერთი უცნაური, საინტერესო, გამაოგნებელი ნიჭიერების ფოტოხელოვანი, გარეგნულად გამორჩეული, ხასიათით ჩუმი, უაღრესად თავმდაბალი, მაგრამ... პროფესიული საქმიანობის შედეგით - მგრგვინავი!
ყოფილი „ქუჩის ბიჭი“, მერე ფოტოაპარატს დამეგობრებული, ისეთ შედევრებს ქმნიდა, რომ იმ დროინდელი ყველა კონკურსიდან, რაც სსრ კავშირში და სოციალისტურ ბანაკში იმართებოდა, ერთ-ერთი მთავარი პრიზი სულ მისი მისამართით მოდიოდა.
ქართული ტელევიზიის ისტორიაში პირველი(!!!) უკომენტარო(!!!)
ფოტოგამოფენა - „სააკოვის ჯადოსნური აპარატი“ 1968 წლის გაზაფხულზე გადაიცა და მართლა გასაოცარი ეფექტიანი და, ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, საამაყო გამოდგა.
მუსიკალურადაც თავად გააფორმა და იქ აღმოვაჩინეთ, ამ სფეროშიც უნიკალური ყოფილა.
სამწუხაროდ, მეტისმეტად ადრე წავიდა ამქვეყნიდან.
ვინმემ რომ ითავოს და დღეს მისი სურათების გამოფენა მოაწყოს, კიდევ ერთხელ გავიხარებთ იმის შეგნებით, თუ რაოდენ ნიჭიერება სუფევდა ქართულ ფოტოხელოვნებაში გურამ თიკანაძის, ბონდო დადვაძის, სანდრო მამასახლისის, ალიკ სააკოვის, ანატოლი რუხაძის და სხვა არაერთი დიდოსტატის სახით... ამ საქმეს დღესაც დიდებულად აგრძელებს ალიკ სააკოვის მეგობარი და მასსავით უნიჭიერესი სერგო ედიშერაშვილი, რომელმაც მოახერხა და ჯერ „საქინფორმის“ ბაზაზე და მერე დამოუკიდებლად, მოახერხა ნიჭით დაპენტილი მთელი თაობის გამოზრდა-გაწვრთნა...
ჩვენი დემიკო ლოლაძე საშურ საქმეს აკეთებს, როცა პატრონობს მ. კვირიკაშვილის არქივს, დროდადრო აქვეყნებს ისტორიული ღირებულების მქონე ფოტოდოკუმენტებს.
ფურორს მოახდენდა ის ფოტოები, რომლის ავტორიც მიშა ზარგარიანი იყო, რომელსაც ხალხმა „პროფესორი“ შეარქვა და გაზეთ „ლელოს“ მეშვეობით თაობებს შემოუნახა ლეგენდარული კადრები, რითაც დაიტრაბახებდა მსოფლიოს ნებისმიერი მრავალმილიონიანი გამოცემა.
„პროფესორ“ ზარგარიანის თუნდაც იმ უნიკალურ კადრებს, რომლებზეც აღბეჭდილია საფეხბურთო მინდორზე მიშა მესხის „ოინბაზობა“, ის, თუ რა კურიოზულ მდგომარეობაში აყენებდა მესხი მასზე მიმაგრებულ მცველებს - ერთს, ორს... ათასობით მაყურებლის ხარხარს რომ იწვევდა სათამაშო მინდორში გაწბილებულთა ცხვირით „ჩარჭობა“.
სპორტულ ჟურნალისტთა გაერთიანება არა მარტო პროფესიულ-პატრიოტულ, არამედ ყოველმხრივ მომგებიან საქმეს უთავებდა ასეთი შედევრების გამოქვეყნებით.
თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, პაატა ნაცვლიშვილთან ერთად მე გამოვეცი გურამ თიკანაძის შედევრების ალბომი, რომელიც დღეს, ალბათ, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის გადაქცეული.
ტურიზმის განვითარებისთვის მიმართული საშური საქმისთვის, ისტორიული, კულტურული თუ კომერციული თვალსაზრისით, როგორც ზემოთ მივანიშნე, ერთობ მომგებიანი იქნება ქართული ფოტოხელოვნების „სერიალის“ ბაზარზე გამოტანა.
ქართულ ფოტოხელოვნებას მდიდარი და საამაყო ისტორია აქვს. საინტერესოა მისი დღევანდელობაც (ვადაჭკორია, ჩანადირი და სხვ.) და მის ახალ სიმაღლეებზე ასვლას პატრონობა და სულის შებერვა სჭირდება.