logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს
- +

19 ივნისი. 2019. 14:24

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

 

როგორც „საქართველოს პირველ არხს“ მდინარაძემ განუცხადა, სამშენებლო ნორმებთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდება.

 

დეპუტატის თქმით, ახალი რეგულაციები პრევენციული ხასიათის იქნება, რაც თბილისში ქაოტური მშენებლობის დასრულებას უზრუნველყოფს.

 

„ეს ნებისმიერი სახის მშენებლობას ეხება. ინიციატივა იდეალურია, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ადამიანი სამშენებლო წესების არსებითი დარღვევისთვის მკაცრად და სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოტური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს. წარსულში აშენებულს, რასაც ვერ ვუშველით და უსაფრთხოების პრობლემებიც არ იქნება, მოქალაქეებს საშუალება უნდა მივცეთ, ექსპლუატაციაში მიღებულ ბინებში იცხოვრონ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, თუ კონკრეტული შენობა უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, ვადა უნდა მიეცეთ სამშენებლო ნებართვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

 

„ერთი მხრივ, ექსპლუატაციაში შესვლის გამარტივება და მეორე მხრივ ის, რომ ქაოტურ განაშენიანებასა და სამშენებლო ნებართვის არსებით დარღვევას ვერავინ შეძლებს, წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

სამშენებლო ნორმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიამ მოამზადა, რომლის თანახმად, ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner