logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მუქარისა და ძალადობის აღკვეთა სახელმწიფოს ვალდებულებაა და სახელმწიფო ეცდება, ყოველგვარი ძალადობა აღკვეთოს
- +

19 ივნისი. 2019. 15:03

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არა თუ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი იქნება.

 

საქართველოს პირველ არხთან საუბარში მამუკა მდინარაძე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ნებისმიერი სახის ძალადობა აღკვეთოს.

 

„მეორეა, რომ გარკვეულ პროვოკაციებთან გვაქვს საქმე. ისიც არის, რომ მეორე მხრიდან მუქარები გვესმის. არც ერთი და არც მეორე მხარე არ უნდა იყოს მოწოდებული იმისკენ, რომ მაინცდამაინც რაღაც არეულობა მოხდეს, ქაოსი შეიქმნას. ყველამ სახელმწიფოებრივად უნდა იფიქროს და იაზროვნოს. მცდელობა არ უნდა დააკლონ , რომ ქალაქში რაღაც შეჯახებები და არეულობები არ იყოს, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, თავისი ვალდებულების შესაბამისად სახელმწიფო გააკეთებს. ეს ძალიან რთული და მგრძნობიარე საკითხია. საუბარია ადამიანის უფლებებზე, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ქართული სახელმწიფო იცავს, მანამდე რომელი უფლებების დაცვაზე იყო საუბარი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციები სწორი საქციელი არ არის.

 

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციები, წაქეზება, ძალით ჩხუბსა და ორომტრიალში შესვლა, რაც თავიდანვე იციან, რომ მომგებიანი არ არის, არეულობას იწვევს და სწორი საქციელი არ არის. მუქარისა და ძალადობის აღკვეთა სახელმწიფოს ვალდებულებაა და სახელმწიფო ეცდება, ყოველგვარი ძალადობა აღკვეთოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner