რუსთაველის“ მეტროში მომხდარ ინციდენტზე, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, მეტროსადგურ "რუსთაველში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, „რუსთაველის“ მეტროში, ორ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.
მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.