შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC-ის) ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტად აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც ქალაქ ბაქოში PABSEC-ის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა მიიღო.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბიუროს სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთვის PABSEC-ის პარტნიორის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნულ თემას საპარლამენტო ასამბლეის რიგით 53-ე პლენარულ სესიაზე განიხილავენ, რომელსაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის სრული შემადგენლობა დაესწრება.
ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომებს PABSEC-ის მოქმედი პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგთაი ასადოვი ხელმძღვანელობდა. სხდომებზე განიხილეს ასამბლეის გასული წლის საბიუჯეტო საკითხები და ასევე, წარმოადგინეს მოხსენება საერთაშორისო ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ, რომლებშიც PABSEC-ის სხვადასხვა წევრები მონაწილეობდნენ.