„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია საქართველოს პარლამენტში აღარ გაგრძელდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში შეუთანხმებლად აღმოჩნდა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და მან ეს სხდომა წაიყვანა, გაბედა პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო გუნდის პოზიციისგან შეუთანხმებლად და განსხვავებით, საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან ასამბლეის წევრებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხდომა ხვალ სხვა სივრცეში გაგრძელდება.
„ხვალ გაგრძელდება სხვა სივრცეში სხდომა, ნებისმიერი სასტუმრო იქნება თუ სხვა, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მათი პარლამენტის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად განაგრძონ ასამბლეის ფარგლებში მუშაობა, მაგრამ საქართველოს პარლამენტში მსგავსი შეცდომა აღარ, ვეღარ დაიშვება და ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ სერგეი გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.