„ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს დაიკავებდა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „ფეისბუქში“ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას, რომელსაც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვებოდა.
სოფო კილაძის თქმით, სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
„ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები, ალბათ, ადგილს ვერ პოულობენ. გეგმაში ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“, - წერს სოფო კილაძე.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გუშინ გაიხსნა. სესია დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია საქართველოს პარლამენტში აღარ გაგრძელდება. ამასთან მისივე თქმით, რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში შეუთანხმებლად აღმოჩნდა.