„მე ვემხრობი, რომ „რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიც არის, „რუსთავი 2"-ს ყავდეს დირქტორი ნიკოლოზ გვარამია, არავითარ საშიშროებას ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტისას განუცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, სასამართლო არის სასამართლო, ის იხილავს საკუთრების საკითხს.
„მე არაერთხელ გამოვთქვი ჩემი სურვილი - არ ვისურვებდი, რომ მეხილა „რუსთავი 2" შეცვლილი და მიმეცა ამითი ვინმესთვის რაიმე სპეკულირების საშუალება, მითუმეტეს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, წინასაარჩევნო პერიდოში. სასამართლო არის სასამართლო, ის იხილავს საკუთრების საკითხს, ეს არის სამოქალაქო პროცესი. ჩვენ აქ ჩარევის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებ - ჩემი სურვილია, რომ სალაპარაკო ამითი არავის არ მიეცეს. რამდენად მოხდება რაიმე ცვლილება ან არ მოხდება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ - შეიძლება მქონდეს წყენაც, პრეტენზიაც, ეს ადამიანურია.ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის. მე არანაირი პრეტენზია არ შეიძლება კერძო ტელვიზიის მიმართ მქონდეს, როგორც პრემიერ-მინისტრს.",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, კატეგორიულად მიღებელია ის შეურაცხყოფები, რასაც ინსტიტუციებს აყენებს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი.
"იმაზე აღარ ვლაპარაკობ, პრემიერ-მინისტრზე რასაც ამბობს.კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსახლეობა ამას უყურებს, რომ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ასეთი გონორი საუბრის, დღეს, სამწუხაროდ, ასე საუბრობს, ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი შემოქმედი ყველაფერ იმის, რაც 2007 წელს ხდებოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვემხრობი, რომ „რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიც არის, „რუსთავი 2"-ს ყავდეს დირქტორი ნიკოლოზ გვარამია, არავითარ საშიშროებას ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.