„ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო მძიმე შეცდომა. სიმბოლოებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ხშირ შემთხვევაში და ამ შემთხვევაშიც, როდესაც ხედავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებულ რუსეთის დუმის დეპუტატს და მისი პოზიციებიც ვიცით წარსულში გახმოვანებული, ამაზე მძიმე სურათი შეიძლება არც იყოს და ამ სიმბოლოსაც, ბუნებრივია, ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ჩემი და ჩვენი გუნდის ძალიან ბევრი წევრის მხრიდან, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან და ეს პოზიცია გაიზიარა, ბუნებრივია, პარტიის თავმჯდომარემ“, - ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა
მისი თქმით, კომუნიკაცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და პარტიის თავმჯდომარის რეკომენდაცია სხდომის შეწყვეტა იყო.
„მე მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია და მისი რეკომენდაცია იყო სხდომის შეწყვეტა. რაც შეეხება რამდენად საქმის კურსში იყო პარლამენტის ხელმძღვანელობა, გუშინ გვიან ღამით, მეც საქმის კურსში ვიყავი, რომ სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა. ცხელ გულზე არ მინდა განსაკუთრებული, ხისტი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ რეალურად, პირადად ჩემთვის ძალიან მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახე. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პოზიციაზე დადგა, ნახეთ მათი ფეისბუქ-სტატუსები, ნახეთ ჩვენი განცხადებები“,- აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძის თქმით, გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც „ოკუპაციის შესახებ“ კანონი არ აქვს რუს დეპუტატს დარღვეული, ვერ აჩერებ საზღვარზე, ეს უხერხულობას ქმნიდა და გუშინაც ჩანდა განცხადებებში. ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მამუკა მდინარაძის თქმით, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს.
„მართალია, ის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გავექცეთ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ შორის, ჩვენც უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე, ამასაც სრულებით ვიზიარებ და მე რომ ადეკვატური და გულწრფელი ვიყო, მე ეს უნდა ვილაპარაკო. ჩვენი ინფორმაცია იყო ასეთი, რომ ბერძენი სპიკერი წაიყვანდა სხდომას, რომელიც ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანია. გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც „ოკუპაციის შესახებ“ კანონი არ აქვს ვიღაცა რუს დეპუტატს დარღვეული, ვერ აჩერებ საზღვარზე, ეს უხერხულობას ქმნიდა და გუშინაც გვეტყობოდა ეს უხერხულება ჩვენს განცხადებებში, მაგრამ დღეს რომ წამოსკუპდა და საოცარ განცხადებებს აკეთებს ჩვენი მტერი, პირდაპირ ვთქვათ, ეს ყოვლად მიუღებელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.