რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.
გავრილოვის გამოჩენას ადგილზე ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეები მას შეძახილებით შეხვდნენ, წყალი შეასხეს და ბოთლები დაუშინეს.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.
სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.