ავტორი სალომე ჯანდიერი
უკვე ბევრი ვინმე საუბრობს წინასაარჩევნოდ მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. ხელისუფლება ჯერჯერობით ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებს.
სამაგიეროდ ასეთი განცხადებები უხვად არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერების მხრიდან.
„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს, რომ თანამდებობიდან უნდა გადადგეს ორი მინისტრი:
„საგარეჯოს არჩევნების შემდეგ, ჩვენი მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები. თუ ნებაყოფლობით არ გადადგებიან, უნდა გადააყენონ.
ჯერჯერობით ამ ორ მინისტრთან დაკავშირებით მაქვს პრეტენზია, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია არჩევნების გაყალბება და როდესაც ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი მინიმუმ ორ მინისტრს, მათ უნდა დატოვონ დაკავებული თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ დადასტურდება თავდაცვის მინისტრის, ასევე გარემოს დაცვის მინისტრის ჩადენილი დანაშაული და მიბრძანდებიან ციხეში", - განაცხადა ინაშვილმა.