საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ წუხელ, თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულები მოინახულა. ის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირადად მკურნალი ექიმებისგან გაეცნო. ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში 102 პირი რჩება. „ნიუ ჰოსპიტალში“ მოთავსებული 24 პაციენტიდან 6-მა კლინიკა უკვე დატოვა. სტაციონარში მყოფ 18 დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო სერვისები მიეწოდება. პაციენტებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, შედარებით მძიმეა.
წუხელ თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 240 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. დაშავებულთა შორის 80 სამართალდამცველი იყო.