logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: რუსი დეპუტატის საქართველოში ყოფნის პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება
- +

21 ივნისი. 2019. 15:36

„პასუხისმგებლობა, რომ რუსი დეპუტატი მოხვდა საქართველოში, რა თქმა უნდა, არის მმართველი გუნდის, მეორე პასუხისმგებლობა, რომ მოხდა ასეთი შეხლა-შემოხლა, არის ოპოზიციური, რადიკალურად განწყობილი ძალების“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ზაზა ხუციშვილის თქმით, პოლიციამ გამოავლინა ძალიან დიდი მოთმინება, თუმცა, ცალკეული პოლიციელების მხრიდან იყო გამოყენებული აბსოლუტურად არაადეკვატური ძალა.

 

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ცალკეული პოლიციელების ქმედება, რომლებმაც ხელებჩამოშვებული მომიტინგეების მიმართ მოახდინეს გასროლა, ამის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია და არ შეიძლება. პოლიციამ გამოავლინა ძალიან დიდი მოთმინება, მათ მოიგერიეს რამდენიმე ძალიან სერიოზული შეტევა, საკმაოდ აგრესიული, შტურმის მცდელობა და არ შემოუშვეს მომიტინგეები, რომელთა შემოშვების შემდეგ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, კაცმა არ იცის. ბოლო მომენტამდე იყვნენ თავდაცვის პოზიციაში და ბევრი შეურაცხყოფა მიიღეს. ჩვენ ვნახეთ ერთი კადრი, როდესაც ერთი ადამიანი უმიზნებს და მეორემ აუკრა ხელი, ესეც მიუთითებს იმას, რომ ესეც იყო ცალკე, პირადი ინიციატივები. ამაზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება.

 

რაც შეეხება თვითონ მოვლენებს, უკვე ბოლო ფაზაში, როცა მოხდა უკვე გაფანტვა, რამდენად იყო უკვე მაშინ გასროლები, ეს, რა თქმა უნდა, შესაფასებელია და მსჯელობა იქნება ახლა, უმრავლესობის შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ხალხის პროტესტი იყო სამართლიანი, ყველა დეპუტატისთვის მიუღებელია, რომ ჩვენ სავარძელში ოკუპანტი იჯდეს, თუმცა, როგორც ყოველთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიგდო რუპორი ხელში და სწორედ მათი მოწოდება იყო, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი.

 

პასუხისმგებლობა იმ ნაწილზე, რომ დეპუტატი მოხვდა საქართველოში და ეს სესია შედგა, რა თქმა უნდა, არის მმართველი გუნდის, იმიტომ რომ ეს რისკები უნდა ყოფილიყო გათვლილი. მეორე პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მოხდა ასეთი შეხლა-შემოხლა არის ოპოზიციური, რადიკალურად განწყობილი ძალების, რომლებსაც არჩევნების გზით მოსვლის გეგმა არანაირად არ ექნებათ, იმიტომ რომ ვერ მოიგებენ და ყველა არჩევნების მერე რევოლუციურ სცენარს აანონსებენ და მესამე ბოლო ფაზა, რომ აქ ცალკეული პოლიციელების მხრიდან იყო გამოყენებული აბსოლუტურად არაადეკვატური ძალა“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

 

ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ არ იქნება ფაქტებზე რეაგირება.

 

„შს მინისტრს აქვს ჩვენს გუნდში ძალიან მაღალი ნდობა. მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, თუკი არც ერთი რეაგირება არ იქნება ფაქტებზე, რომლებზეც მე ვისაუბრე. ამიტომ პოლიციელების მიმართ უნდა იყოს გარკვეული ზომები გატარებული, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, ვინც ხელებჩამოშვებულ მოქალაქეებზე იძალადა.

 

მიუღებელია ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ ქმედებები. მათ შორის იყო ერთი კადრი, როდესაც ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი გოგო ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ამაზეც უნდა ჰქონდეს რეაგირება შს სამინისტროს“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner