„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის პარლამენტს ტოვებს და შესაბამისი გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს.
„სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე პარლამენტის წევრის მანდატი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის რამდენიმემ თვალი დაკარგა.