logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო
- +

21 ივნისი. 2019. 16:19

 

„ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი აზრით, არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმ მაღალი პასუხისმგებლობის, რომელსაც ეს ადამიანი თავის პოზიციაზე, პოლიტიკაში ატარებდა და გაატარებს მომავალში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, რომელმაც მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„რაც შეეხება შემცვლელს და კანდიდატურას, ძალიან მიმძიმს ამ მომენტში საუბარი ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ირაკლი კობახიძე არის ჩვენი გუნდის ლიდერი, ის პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მან მიიღო ეს პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად, მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება რეგლამენტის დაცვით უახლოეს მომდევნო სხდომაზე. ვადასტურებ, რომ ამაზე იყო კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი შეძლებს, პარლამენტის საქმიანობა შეუფერხებლად გააგრძელოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება“ სპიკერის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner