logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თუ ვინმეს ჰგონია, ირაკლი კობახიძე იმიტომ გადადგა, რომ ამას ოპოზიციური პარტიები ითხოვდნენ, ძალიან ცდება
- +

21 ივნისი. 2019. 16:51

 

„თუ ვინმეს ჰგონია, ირაკლი კობახიძე იმიტომ გადადგა, რომ ამას „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციური პარტიები ითხოვდნენ, ძალიან ცდება, ეს პოზიცია არის არასწორი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე გადადგა მხოლოდ იმიტომ, რომ მან აიღო კონკრეტული პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

 

„მან თქვა, რომ მე შემიძლია და ვფიქრობ, უნდა ავიღო საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მიუხედავად კონკრეტული ობიექტური გარემოებებისა, ის არ გადამდგარა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ამას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კითხვაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, არაპროპორციული ძალა გამოიყენა, უნდა აიღოს თუ არა მან პასუხისმგებლობა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

 

„ამაზე საუბარი ალბათ უხერხული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში უყურებდა განვითარებულ მოვლენებს, როგორ იქცეოდა იქ პოლიცია და იცავდა თავს საათების განმავლობაში. შემდეგ როგორ გახდა იძულებული, გამოეყენებინა გარკვეული პროპორციული ძალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თუ კონკრეტულ რაიმე გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, ამაზე რეაგირება არ იყოს და არ დაიწყოს გამოძიება. საერთო ჯამში, უნდა ვთქვათ, რომ პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა პროპორციული ძალა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა, მისი თქმით, ის ესწრებოდა უმრავლესობის სხდომას.

 

„მე ვიცი, მას გარკვეული აზრი აქვს და ამ აზრის შესახებ ალბათ გააკეთებს კომენტარს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ამასთან, კითხვაზე, რას ფიქრობს მდინარაძე გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებაზე, რომ სპეცდანიშნულების რაზმის ხელწერა არ არის რეზინის ტყვიების გამოყენება და სამართალდამცველებმა ისინი რამდენიმე წუთის შემდეგ გამოიყენეს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

 

„ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ვინმემ ვინმე მოატყუა, უკვე არასწორ მოცემულობას მივიღებთ. მართალია და ვეთანხმები აბსოლუტურად, რომ „ქართული ოცნების“ სტილი არ არის არც ცრემლსადენი გაზი და არც სხვა საშუალება. ვეთანხმები ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თუ იტყვის, რომ „ქართული ოცნების“ სტილი არ არის, გამოიყენოს ცრემლსადენი გაზი და ასე შემდეგ. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ატარებს ძალიან ჰუმანურ პოლიტიკას და ადამიანებზეა ორიენტირებული, მიუხედავად ამისა, თუ პოლიციის მიმართ თავდასხმა იქნება და სხვა გამოსავალი არ ექნება პოლიციას, მას უწევს ადეკვატური ზომების გამოყენება. ეს არის და ეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

 

როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner