„პუტინი ქართველებზე ზემოდან ყურებას არასდროს მოეშვება. ფრენებისა და ტურისტების ნაკადის შეწყვეტა სასწრაფო სადამსჯელო ღონისძიებებია პუტინის მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსული პოლიტიკა სინამდვილეში ქართველებსა და საქართველოს მეორეხარისხოვნად, არათანაბარ პარტნიორად მიიჩნევს, რომელმაც ხმის ამოღება ოკუპაციაზეც კი არ უნდა გაბედოს, არ გამოხატოს უკმაყოფილება და ლეგიტიმური არა უთხრას აგრესორს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა ავიამიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინის ბრძანების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ რუსეთი პრაგმატულად მოქცეულიყო, გულისმოსაგები ნაბიჯი გადაედგა, პირიქით, დაადასტურა პომპეოს სიტყვები, რომ ცხვრის ტყავში გახვეული მგელია.
„მგლებს რას ვერჩი, ღირსეული ცხოველია, თორემ რუს პოლიტიკოსებს ღირსება ნამდვილად არ გააჩნიათ. ამას გარდა, თუ დავაკვირდებით, თავიდან მათი აქცენტი „ექსტრემისტულ“ ჯგუფებზე კეთდებოდა, ხოლო პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ კონკრეტული ზომები მიიღეს. ანუ თავის ჭკუით, დასაჯეს ხალხი, ქვეყანა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება.