მუსიკალურქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველის" პრემიერა 31 მაისს არ შედგა. პროექტ „სამოსელი პირველის" ორგანიზატორის - „საუკუნის საუნჯის" განცხადებით, სპექტაკლის პრემიერა რამდენიმე დღით გადაიდო.
„იმის გამო, რომ პროექტი სპეციფიურია და შესაბამისი ტექნიკა ესაჭიროება, პროექტის ორგანიზატორმა „საუკუნის საუნჯემ" სპეციალური აპარატურა იქირავა. სამუშაო პროცესში, გენერალური რეპეტიციის დროს, გამოიკვეთა ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოფხვრაც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მცირე დროში ვერ მოხერხდა. პროექტ „სამოსელი პირველის" ორგანიზატორი, „საუკუნის საუნჯე", ბოდიშს უხდის მაყურებელს იმის გამო, რომ პრემიერა ერთი დღის დაგვიანებით გაიმართება. ორივე სპექტაკლზე გაყიდული ბილეთები ძალაშია. 31 მაისის ბილეთების მფლობელები პრემიერის ნახვას შეძლებენ 2 ივნისს. რაც შეეხება 1 ივნისის პრემიერას, ამ თარიღს და ბილეთებს ცვლილებები არ ეხება", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი" პირველად გადადის სცენაზე და ისიც ოპერაში. მუსიკის ავტორი ზაზა მარჯანიშვილია. სინთეზური სპექტაკლი, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ვოკალს, ქორეოგრაფიას, პლასტიკას, აწყობილია ლიტერატურულ ტექსტსა და დრამატული თეატრის ხერხებზე, ოპერისა და ბალეტის და დრამატული თეატრის მსახიობების, ორკესტრისა და გუნდის მონაწილეობით, რეჟისორი ლაშა ონიანი.