„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არავითარ შემთხვევაში, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური ინტერესი საქართველოში არ დაზარალდეს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ვლადიმირ პუტინის ბრძანებას საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს ხელისუფლება „რუსული გეგმის“ გამტარებლად წარმოაჩინონ.
„ერთი მხრივ, ჩვენი ოპონენტები მთელ ძალას ახმარენ იმას, რომ საქართველო, ჩვენი ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად სხვა, მაღალი კატეგორიის ურთიერთობებში გადავიდა დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატების თუ ევროკავშირის ფორმატში, გამოიყვანონ ისე, თითქოსდა აქ რაღაცა რუსული გეგმა ხორციელდება. მეორე მხრივ, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა რუსეთთან ურთიერთობები იმ ფონზე განავითარონ, როდესაც ჩვენ ეკონომიკური მაქსიმალური ზარალი შეიძლება მივიღოთ. ეს გეგმა, რასაკვირველია, მთლიანობაში მიზნად ისახავს დესტაბილიზაციას, ძლივს მიღწეული და შენარჩუნებული სტაბილური პროცესის დანგრევას. რასაკვირველია, მთავარი მიზანი არის, რომ ხელისუფლებას დაეუფლონ, სხვა მიზანი ამას არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არავითარ შემთხვევაში, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური ინტერესი საქართველოში არ დაზარალდეს“. - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ.
„ყველაფერი, რაც გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მიერ - ბაზრების დივერსიფიკაცია, ევროპასთან დადებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთთან დადებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, სატრანზიტო სისტემების განვითარება, არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, მათ შორის ენერგოდამოუკიდებლობა, იყოს უზრუნველყოფილი. ხედავთ, რამდენი პროექტი ხორციელდება საქართველოში; ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, მათ შორის რუსეთის ბაზრისგან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რა დროსაც, ბუმერანგივით შემოგვიტრიალდება ის ნარატივი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვკარნახობს, შევქმნათ ცხელი წერტილი საქართველოში, დაინგრეს ყველაფერი, ოღონდ ეგენი ხელისუფლებაში მოვიდნენ. საზოგადოებას მათ შორის, ვინც გუშინ, გუშინწინ იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის დიდი, ბინძური თამაში, რომელიც წამოიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვნენ პროვოკაციებს”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.